ლიონიძე სოლომონ ანდრიას ძე (1754, სოფ. კონდოლი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 1811, ახალციხე, დაკრძალულია იქვე), სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, მწიგნობარი, მჭევრმეტყველი. ლ-ის მამა თელავის კარის ეკლესიის დეკანოზი იყო. ლ-მ განათლება თელავის სამეფო კარის სკოლაში მიიღო, სადაც სომხ., სპარს., თურქ. და რუს. ენებს დაეუფლა. XVIII ს. 80-იანი წლებიდან 1801-მდე იყო ქართლ-კახეთის სამეფოს კარის მსაჯული – მდივანბეგი. იღვწოდა ქვეყნის სოც.-პოლიტ. და კულტ. პროგრესისათვის. ირან-ოსმალეთის ძალადობისაგან ხსნის პირობად პოლიტიკურად დაშლილი საქართვ. გაერთიანებასა და ცენტრ. ხელისუფლების გაძლიერებას მიიჩნევდა. უშუალოდ მონაწილეობდა 1783 გეორგიევსკის ტრაქტატის შედგენასა და გაფორმებაში. მისი ინიციატივით დაიდო საქართველოს სამეფო-სამთავროების ტრაქტატი 1790 („ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული საზოგადოებისთვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს 1790 წელსა“).
შინა მტრობის შედეგად ერეკლესა და ლ-ს შორის 1796 მცირე ხნით უთანხმოება ჩამოვარდა. ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ (1798) ლ. ერთხანს ისევ ქართლ-კახეთის პოლიტ. ცხოვრებაში მონაწილეობდა. 1801 ლ. დააპატიმრეს, რადგან აკრიტიკებდა დავით ბატონიშვილს (გიორგი XII-ის შვილი). 1802-იდან იმერეთის სამეფოს შეაფარა თავი და სოლომონ II-ის დიდი ნდობა დაიმსახურა. 1803 ლ. მეფემ დიპლ. მისიით მიავლინა რუსეთში, ალექსანდრე I-ის კარზე. ლ-ის დიპლ. პროექტი ითვალისწინებდა გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი მფარველობითი ხელშეკრულების დადებას რუს. იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის, ამასთანავე, სოლომონ II-ს უნდა დამორჩილებოდა დას. საქართვ. ყველა სამთავრო; იმერეთი გაერთიანებული დას. საქართვ. სამეფოს სახით უნდა შესულიყო რუსეთის მფარველობაში. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. 1804 იმერეთში დაბრუნებული ლ. ერთხანს სამეფო საქმეებს ასრულებდა. 1810, იმერეთის სამეფოს რუსეთთან შეერთებისა და სოლომონ II-ის თურქეთში გაქცევის შემდეგ, ახალციხეში გადავიდა.
ლ-ის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება: „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796), „შესხმა ალექსანდრე პირველისა“ და „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარისა ღირსისა“ – ერეკლე II-ის გარდაცვალების გამო წარმოთქმული სამგლოვიარო სიტყვა (1798, პირველად დაიბეჭდა ჟურნ. „ცისკარში“ 1877, № 1; თარგმნილია რუს. ენაზე).
ლიტ.: გილიკაშვილი მ., იმერეთი XVII–XIX სს. მიჯნაზე, თბ; 1978; დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბ., 1957; იოსელიანი პ; ცხოვრება გიორგი მეათცამეტისა თბ; 1978; რუხაძე ტ., სოლომონ მსაჯული, „ლიტერატურული ძიებანი“, 1947, [ტ.] 3; ჭიჭინაძე ზ., სოლომონ ლიონიძე მსაჯული, ანუ ვიცე-კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფისა, ტფ., 1910.
მ. დუმბაძე
გ. იმედაშვილი