ლიპარიტ IV ბაღვაში, კლდეკარის ერისთავი XI ს. 30–60-იან წლებში, ლიპარიტ III-ის ძე. ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანობის პერიოდში საქართველოს ფაქტობრივი გამგებელი იყო ქართლის ერისთავ ივანე აბაზასძესთან ერთად. 1028 ლ. IV-მ დაამარცხა ბიზანტიის კეისარ კონსტანტინეს მიერ საქართველოს ასაოხრებლად გამოგზავნილი ლაშქარი. შემდეგ კი ივანე აბაზასძესთან ერთად მეთაურობდა საქართვ. შეერთებულ ლაშქარს, რ-მაც მდ. ეკლეცთან სძლია საქართვ. მეფის ყმობისაგან თავდახსნილი განძის ამირა ფადლონის ჯარს. 1032 ლ. IV-მ დაატყვევა თბილ. ამირა და ბირთვისის ციხე წაართვა, მაგრამ მისი მოწინააღმდეგე დიდაზნაურთა რჩევით მეფემ ტყვე გაათავისუფლა, იყმო და ამირადვე დატოვა. 1037–38 ლ. IV-ის ჩაგონებით ბაგრატ IV-ის ლაშქარი კახთა მეფის ჯართან ერთად თბილისს შემოადგა. 2 წლის ალყის შემდეგ ბაგრატ IV ლ. IV-ის უკითხავად ამირას დაუზავდა. ამით განაწყენებული ლ. IV საბოლოოდ გაუორგულდა მეფეს, დაუკავშირდა ბიზანტიას, რ-მაც მალე იგი დამხმარე ლაშქრით, დიდძალი ფულითა და საქართვ. სამეფო ტახტის მაძიებელი დემეტრე გიორგის ძის თანხლებით ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ გამოგზავნა. ლ. IV-მ ალყა შემოარტყა სამეფო ციხე ატენს, მაგრამ შემდეგ საქმე გართულდა და იგი ბაგრატ IV-ს დაუზავდა. მეფემ ლ. IV-ს ქართლის ერისთავობა უბოძა, მაგრამ იგი აგრესიული ბიზანტ. აგენტი იყო და აშკარად თუ ფარულად საქართვ. გაერთიანება-გაძლიერებას ებრძოდა. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს გამოიხსნა ბაგრატ IV-სთან მძევლად მყოფი თავისი შვილი ივანე, შემდეგ სასირეთის ჭალაში ბრძოლისას მეფე დაამარცხა კიდეც. 1048 ლ. IV მონაწილეობდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზანტ. მხარეზე. თურქებმა სძლიეს ბიზანტიელებს, ლ. IV კი ტყვედ ჩავარდა. 1051 იგი გაათავისუფლეს ტყვეობიდან და საქართველოში დაბრუნდა. აქ ბიზანტიის მხარდაჭერით კვლავ მომძლავრდა და 1054 ბიზანტიის კეისრის მოთხოვნით მთელი სამხრ. საქართვ. მთავარი გახდა. 1058 მეფის ერთგულმა მესხმა აზნაურებმა სულა კალმახის ერისთავის მეთაურობით ლ. IV შეიპყრეს და მეფეს მიჰგვარეს, რ-მაც ორგული ფეოდალი იძულებით ბერად შეაყენა. ამის შემდეგ ბერი ანტონი (ლიპარიტყოფილი) ბიზანტიაში გადაიხვეწა. კონსტანტინოპოლში ლ. IV ლიტ. მოღვაწეობას ეწეოდა. შემორჩენილია მისი ზოგიერთი თხზულება. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით ლ. IV გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში, საიდანაც საქართველოში ჩამოუსვენებიათ და კაცხში დაუკრძალავთ.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მატიანე ქართლისა, იქვე, თბ., 1955.
ლიტ.: კახაძე მ., ლიპარიტ ლიპარიტის ძე და მისი ახლად აღმოჩენილი თხზულება, „ენიმკის მოამბე“, 1944, ტ. 14; კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970–1070 წლებში, თბ., 1969; მელიქიშვილი გ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბ., 1973; მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973; მისივე, დავით აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.
რ. მეტრეველი