ლიპარიტ III დადიანი, ოდიშის მთავარი 1657–58, ლევან II დადიანის ძმის – იესეს ძე. ოდიშის მთავარი გახდა ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ. ლ. III დ. იმერთა მეფე ალექსანდრე III-მ (1639–60) გადააყენა და მთავრად დასვა ვამეყ IV დადიანი. ლ. III დ. შეეცადა ქართლის მეფე როსტომის, ახალციხის ფაშისა და გურიელის დახმარებით დაებრუნებინა ტახტი, მაგრამ ბანძის ბრძოლაში (1658) დამარცხდა, თავად კი ბრძოლაში დაიღუპა.
წყარო: მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები). ტექსტები გამოსცა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ., 1980; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წგ. 2, ტფ., 1897.
ლიტ.: მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბ., 1973; ჯოჯუა თ., აფხაზეთის კათოლიკოსი ილარიონი (1657–1658, 1669/1672–1673 წწ.), ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, [წგ.] 10–11, ნაწ. 2, თბ., 2011.
თ. ბერაძე