ლირიკა

ლირიკა (ბერძნ. Lyra – მუს. საკრავი, რომლის თანხლებით ასრულებდნენ სიმღერებს, კითხულობდნენ ლექსებს და სხვ.), მხატვრული ლიტერატურის გვარი, რ-იც ეპოსის და დრამისგან განსხვავდება როგორც მხატვრული მასალის ორგანიზაციის, ისე გამოსახვის მასალისადმი დამოკიდებულების პრინციპით. ამ პრინციპის პირველი კლასიფიკაცია ჯერ კიდევ არისტოტელეს „პოეტიკაშია“ მოცემული. არისტოტელე ლ-ს დრამისა და ეპოსისაგან ასხვავებდა მიმეზისის (მიბაძვა, ხორცშესხმა, დამსგავსება) შედეგად აღბეჭდილი თავისებურებების საფუძველზე. კერძოდ, მიაჩნდა, რომ ლ-ში პოეტის განცდა მუდმივია და აუცილებელი. ლ-ს, როგორც ლიტერატურის გვარს, ემოციურობის, გრძნობის გამოხატვის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს. იგი ადამიანის კონკრეტულ მდგომარეობასა და განწყობას ისე გვიხატავს, რომ არ საჭიროებს მოვლენათა იმ მრავალმხრივობის ჩვენებას, რ-ის გარეშეც ეპოსისა და დრამის გმირი მოკლებული იქნებოდა სიტუაციურ გარემოს. გალაკტიონის სტროფი – „ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს, რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობიან ასცდეს ხომალდებს“ – სავსებით ცხად სურათს გვიხატავს პოეტის სულიერი მდგომარეობის, მისი უკვე დასრულებული განწყობისა და გარე სინამდვილესთან დამოკიდებულების ხასიათზე. ამ სურათსა და განწყობაში იკვეთება ხასიათის იმგვარი დრამ. პრეისტორია და კონკრეტული მდგომარეობის ფონი, რ-ის დასახატავადაც დრამასა და ეპოსს =გამოსახვისა და მასალის ორგანიზაციის სხვადასხვაგვარი მეთოდისათვის უნდა მიემართა. ამითაც განსხვავდება ლ. ფართომოცულობიანი ეპიკური და დრამ. ჟანრისგან. ლირ. ლექსის ფორმა მოცულობის მხრივ 2 და 3 სტრიქონიც შეიძლება იყოს. ამის ნიმუშია აღმ. მინიატიურები, დუბაითი და იაპონური ჰაიკუ. ლ-ს არა აქვს მიდრეკილება სიუჟეტისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი კომპოზიცია განცდის დინამიკის განვითარებაში გამორიცხავდეს დრამ. ატმოსფეროს, ეპიკური საწყისის არსებობას (მაგ., დ. გურამიშვილის „ზუბოვკა“, ნ. ბარათაშვილის „ღამე ყაბახზედ“, გ. ტაბიძის „მერი“, გ. ლეონიძის „ოლე“ და სხვ.). ლირ. საწყისი, თავის მხრივ, მონაწილეობს და განსაკუთრებული ადგილი აქვს ეპოსში. ამის ნიმუშია ე. წ. ლირ. პროზა (კ. ჰამსუნი, ჭ. ლომთათიძე, გ. ლეონიძე და სხვ.). ლირიკულობას ქმნის პოეტური აზრის გაფორმების ის საშუალებანი, რ-ებიც გმირის სახეშია მოცემული. მაგრამ „აზრი“, „განცდა“, „გრძნობა“ ამ კონტექსტში ის მოცემულობებია, რ-ებიც ლირ. სახის დაუნაწევრებელი და მთლიანი ფორმის არსებობაზე მიუთითებს. ლ. მხატვრული აზრისთვის მინიჭებული უშუალო განცდის ფორმაა. ლირ. განცდის სახე საზ. მნიშვნელობის მქონე სახეა. პოეტის ინდივიდ. ბიოგრ. საწყისებზე აღმოცენებული ლირ. სახე გარკვეული ესთეტ. პრინციპების, ნორმების მიხედვით ფორმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ სახეში იკრიბება და განზოგადებულ ფორმას იძენს საზ. მნიშვნელობის საწყისებიც. ამ თვისებით ხედავენ ლ-ში იმ ფორმის ნაირსახეობას, რ-იც ფსიქოლოგიაში „შინაგანი მეტყველებითაა“ ცნობილი. ლ-ის სფეროში ეს მომენტი მეტწილად ვლინდება გულწრფელობის, აღსარების, თვითმხილების, თვითგამოხატვის სულისკვეთებით. ამ პათოსითაა გამსჭვალული დ. გურამიშვილის „სვინდისის მხილება დავითისა ოდეს დატყოებულმან გაპარვა გაივლო გულშია“, ნ. ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“, „ჩემი ლოცვა“, ი. აბაშიძის „პალესტინა, პალესტინა“ და სხვ.

ლ. წარმოადგენს მთლიან მხატვრულ სტრუქტურას როგორც ასახვის ობიექტის, ისე მხატვრული ხორცშესხმის თვალსაზრისით. ეს მომენტი ნათლად იკვეთება სახის განცდაში, სიტყვის შეკუმშულობასა და მის ემოციურ მუხტში. ლ-ის ეს თვისებები ისტორიულად მდგრადია და ეპოქიდან ეპოქაში გარდამავალი. მაგრამ ლ-ის შინაარსი მუდამ ცვალებადია, რადგანაც მისი არსებობა ადამიანის განცდის ტიპით განისაზღვრება. ამდენად, ადამიანის კონცეფციის თავისებურება, რითაც ამა თუ იმ ეპოქის ადამიანის ტიპი ხასიათდება, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ლ-ის შინაარსსა და ემოციურობის თავისებურებას. მეტიც, ეს თავისებურებები თავის გამოხატულებას პოვებს მის ფუნქციურ თვისებებში, ანუ პოეტიკაში, რადგან ამა თუ იმ ეპოქის გარკვეული კონცეფციის ადამიანს მხოლოდ ამ კონცეფციის შესატყვისი დამოკიდებულება აქვს გამოსახვის საგანთან, სიტყვასთან, ლექსის რიტმიკასთან, სტროფიკასთან და ა. შ. ცხოვრების მიერ წარმოქმნილ ყოველ ახ. ლირ. სიტუაციას თან ახლავს მისი შესატყვისი რიტმულ-ემოციური მუხტი და ლექსის ფუნქციურ საშუალებებთან დამოკიდებულების საკუთარი პრინციპი. ეს მომენტი ნათლად აისახება ყოველი ეროვნ. ლიტ-რის ცალკეულ პერიოდში.

ლ-ის შინაარსის, ფორმისა და ჟანრის ცვალებადობის ისტორიას ეპოქისა და ეროვნ. გენიის თავისებურებანი განაპირობებს. ლ-ის წარმოშობის პირველი საფეხური ადამიანის პიროვნული საწყისის წარმოშობის საფეხურს უკავშირდება. ყოველ ეროვნ. ლიტ-რაში ლ. ატარებს ეროვნ. წყობისა და ფსიქოლოგიის განუმეორებელ თვისებებს.

ლირ. სტრუქტურაში, მის შიგა სახეობაში ძირითადად არჩევენ სუგესტიურ და მედიტაციურ ფორმებს. სუგესტიურია ისეთი ლირ. სტრუქტურა, რ-შიც აზრისა და განწყობილების განვითარების საფუძველში ჭარბობს არა საგნობრივ-ლოგიკური კავშირები, არამედ ასოციაციური შეფარდებები და განცდის მთლიანობაზე დაყრდნობილი ინტონაციურობა (მაგ., გ. ტაბიძის „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „ლურჯა ცხენები“ და ა. შ.). მედიტაციურია ადამიანის არსებობის საზრისისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამაანალიზებელი ლ. (მაგ., ტიუტჩევის ლექსები, ნ. ბარათაშვილის „ფიქრი მტკვრის პირას“, ა. ჭავჭავაძის „გოგჩა“, ა. წერეთლის „განთიადი“, ი. აბაშიძის „ხმა კატამონთან“ და სხვ.). ლირ. გვარების კლასიფიკაცია ხდება მასში ჩაქსოვილი მოტივების შინაარსისა და განწყობილების საფუძველზე. ასე გამოიყოფა პოლიტ., სატრფიალო, პეიზაჟური და სხვ. სახეობის ლირ. ლექსები. ცნობილია ლ-ის ისეთი გვარები, როგორებიცაა ოდა, ელეგია, მიძღვნა (სატრფიალო ან მეგობრული), ეპიგრამა, ეკლოგა, ეპიტაფია და ა. შ. ლ-ის ცალკეულმა გვარებმა და, საერთოდ, ლირ. ნაკადმა განსაკუთრებული აღორძინება განიცადა XX ს. ქართ. პოეზიაში. ლირ. პოეზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გ. ტაბიძემ, ი. გრიშაშვილმა, გ. ლეონიძემ, ტ. ტაბიძემ, ს. ჩიქოვანმა, ი. აბაშიძემ, გ. აბაშიძემ, ა. კალანდაძემ, მ. მაჭავარიანმა, შ. ნიშნიანიძემ, ლ. სტურუამ, ბ. ხარანაულმა, მ. ჩიტიშვილმა და სხვ.

ლიტ.: ბარბაქაძე თ., ლირიკის ჟანრები, თბ., 2010; გაჩეჩილაძე ს., ლიტერატურისმცოდნეობის საფუძვლები, თბ., 1953; ქართული პოეტიკის ქრესტომათია, გ. მიქაძის რედაქციითა და შენიშვნებით, თბ., 1954; Гинзбург Л. Я., О лирике, 2 изд., Л., 1974; Сквозников В. Д., Лирика,  წგ.: Теория литературы, [кн.], 2, М., 1964.

გ. გაჩეჩილაძე