ლისი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მცხეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ბევრეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ნაფეტვრები, ძალანთხევი, წოდორეთი). მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმ. კალთაზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზ. დ. 800 მ, მცხეთიდან 25 კმ. 598 მცხ.(2014).
წერილობით წყაროებში ლ. XVI ს-იდან იხსენიება. 1523 სიგელის მიხედვით სოფელი ბარათაშვილების საგვარეულო საკუთრებაა. 1578 ოსმალთა შემოსევის შემდეგ მოსახლ. ნაწილი აიყარა და გაიხიზნა. 1625 ლ. თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშთა გარნიზონმა დაარბია – გადაწვა სახლები და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში. XIX ს. 40-იანი წლებიდან ლ. თარხან-მოურავების საგვარეულო საკუთრებაში გადავიდა.
სოფლის განაპირას, სამხრ-ით, ძვ. სასაფლაოზე დგას განვითარებული ფეოდ. ხანის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია, სადაც დაკრძალული არიან თარხან-მოურავთა საგვარეულოს წარმომადგენლები. სოფლის ჩრდ-ით სასაფლაოზე დგას იმავე ხანის წმ. ესტატეს დარბაზული ეკლესია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990.
გ. აფრიდონიძე