ლისის ტბა

ლისის ტბა

ლისის ტბა, ტბა თბილისის ჩრდ.-დას. ნაწილში, ლისის ქედის ტაფობში, ზ. დ. 625 მ. წყლის ზედაპირის ფართობი – 0.47 კმ 2, აუზის ფართობი – 16 კმ 2, მაქს. სიღრმე – 4 მ, მოცულობა – 1,22 მლნ. მ 3. ტბას ერთვის პერიოდული ღელე – ლისისხევი. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი – შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია (მაქს. ტემპ-რა 28°C), ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ – ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2,75 გ/ლ). ტბის ტერიტორია გამოირჩევა საინტერესო და მრავალფეროვანი ფაუნით. მისი მცირე ჩრდ.-დას. ნაწილი და ჩრდ. და სამხრ. ნაპირები დაფარულია ლელქაშის ხშირი ბარდით. ტბაში მოშენებულია თევზი. ტბის შემოგარენში მოიპოვება თერმული გოგირდოვანი წყლები.

ლ. ტ. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კეთილმოწყობილი სარეკრეაციო ზონაა.