„ლიტერატურული გაზეთი“, გამოიცემა 2009 წ. 15 მაისიდან ორ კვირაში ერთხელ, პარასკეობით. გაზეთი 16-გვერდიანია. გამომცემლები: საქართვ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართვ. მწერალთა სახლი. გაზეთის რედაქტორია ი. ჯავახაძე.
სხვადასხვა დროს გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა ა. კალანდაძის გამოუქვეყნებელი ლექსი, ჯ. ქარჩხაძის ორი გამოუქვეყნებელი მოთხრობა, გ. გეგეჭკორის, მ. ქვლივიძის, მ. ლებანიძის, მ. გელოვანის, ჯ. თოფურიძის, ე. ახვლედიანისა და ნ. შატაიძის დღემდე უცნობი ლექსები. რ. ინანიშვილის და ლ. ასათიანის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები, ნ. აგიაშვილის უცნობი მიმოწერები მის თანამედროვე მწერლებთან, თ. ბაძაღუას მანამდე დაუბეჭდავი თარგმანები. ამას გარდა, ა. წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ნომერი მთლიანად დაეთმო პოეტის დღემდე უცნობ მასალებსა და ფოტოებს.
2010–11 წლებში „ლ. გ-ის“ ინიციატივით გაიმართა „ერთი მოთხრობის კონკურსი“, ხოლო 2012 – კონკურსი სახელწოდებით „ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, კრიტიკა“.