ლიტერატურულ-მუსიკალური სალონები, კულტურის კერები ძველი თბილისის არისტოკრატიულ ოჯახებში. უძველესი დროიდან ქართვ. მეფეთა კარზე ტრადიციულად იმართებოდა ლიტ.-მუს. პაექრობები და თეატრ. წარმოდგენები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ლ.-მ. ს-ს. სალონებმა განსაკუთრებით გამოკვეთილი სახე მიიღო XIX ს. დასაწყისიდან, როცა საქართველოში შემოიჭრა დას. ევრ. კულტურის ნაკადი, რ-საც ნაზიარები იყო რუს. უნ-ტების კურსდამთავრებული ქართვ. ახალგაზრდობა, ცარიზმის მიერ კავკასიაში გადმოსახლებული თავისუფლად მოაზროვნე ინტელიგენცია. უთეატრობისა და კულტ. დაწესებულებათა სიმწირის გამო არისტოკრატთა ოჯახებში დამკვიდრებული ეს ტრადიცია დიდ როლს ასრულებდა თბილ. კულტ. ცხოვრებაში. ამ სალონებში იკრიბებოდა საზ-ბის ნიჭიერი, მოაზროვნე ნაწილი (პოეტები, მუსიკოსები და სხვ.); აქ დაიბადა არაერთი მნიშვნელოვანი იდეა მუდმივი პროფ. თეატრის, პერიოდული პრესის დაარსებისა და სხვ.; აქვე კითხულობდნენ ახ. ნაწარმოებებს, თარგმანებს, იმართებოდა თეატრ. წარმოდგენები. გამოიკვეთა კულტ. მოღვაწეთა, შემოქმედთა ახ. თაობა (პოეტები, მსახიობები, შემსრულებლები), რ-მაც დიდად შეუწყო ხელი ქართ. კულტურის აღორძინებას.
თბილისში სალონი ჰქონდა რევაზ (რომან) იოანეს ძე ბაგრატიონს (1778–1834), ცნობილი მხედართმთავრის – პ. ბაგრატიონის უმცროს ძმას (ამ სალონს თანამედროვენი „თეატრალურ სახელოსნოს“ უწოდებდნენ). აქ იმართებოდა მუს. საღამოები და წარმოდგენები სცენისმოყვარეთა მონაწილეობით. 1832 წ. 21 იანვარს წარმოადგინეს ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ რ. ბაგრატიონისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით. წარმოდგენის შემდეგ ქართველმა მანდილოსნებმა შეასრულეს ევრ. და აღმოსავლური ცეკვები. ამ სალონში დადიოდნენ ა. ბესტუჟევ-რიუმინი, ა. მუსინ-პუშკინი; კითხულობდნენ ა. პუშკინის, ა. გრიბოედოვის ნაწარმოებებს. სისტემატურად იმართებოდა მუს. საღამოები, სიმებიანი კვარტეტის კონცერტები, შესრულდა ქართ. სიუჟეტზე აგებული პირველი ვოდევილი მუსიკის თანხლებით – მ. გამაზოვის „XIX საუკუნის ქართველები, ანუ მომგებიანი გარიგება“. სალონი მდებარეობდა რ. ბაგრატიონის ბინაში, ახლანდ. რუსთაველის პროსპექტზე, ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის ადგილას. დაიხურა რ. ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ.
ს. დოდაშვილის ბინაში გამართული შეკრებების მონაწილეები იყვნენ ძმები ა. და ვ. ორბელიანები, გ. ორბელიანი, ს. რაზმაძე და სხვ. 30-იან წლებში აქ გამართულ კონცერტებზე ფორტეპიანოს უკრავდნენ ა. და ვ. ორბელიანები. შეკრებებს ესწრებოდა თურქეთის კონსული. წრე დაიშალა 1832 შეთქმულების მონაწილეთა, მ. შ. ს. დოდაშვილის დაპატიმრების გამო.
აღსანიშნავია მანანა ორბელიანის (1808–70) სახელგანთქმული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ გამოჩენილი საზ. მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მოყვარულნი. თავის ახალ ნაწარმოებებს კითხულობდნენ გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი, დ. ყიფიანი, ნ. ისარლიშვილი, გ. ერისთავი, ა. ჭავჭავაძე, მ. თუმანიშვილი. აქვე დაიბადა აზრი ჟურნ. „ცისკრის“ გამოცემისა, რაც 1852 კიდეც განახორციელა გ. ერისთავმა, მსჯელობდნენ ქართ. წარმოდგენების დადგმის, ქართ. მუდმივი პროფ. თეატრის დაარსების თაობაზე. მ. ორბელიანის სალონმა იარსება XIX ს. 60-იან წლებამდე.
თბილისში (და მთელ საქართველოშიც) სახელგანთქმული იყო ა. ჭავჭავაძის ოჯახი, სადაც თავს იყრიდა ქალაქის მოწინავე საზ-ბა, უცხოელი მოღვაწეები და დიდმოხელენი, ქალაქის საპატიო სტუმრები. ა. ჭავჭავაძის ასულები – ნინო და ეკატერინე – შესანიშნავად უკრავდნენ ფორტეპიანოს (მურავიოვ-კარსკის მიერ 20-იან წლებში თბილისში შემოტანილი ერთ-ერთი პირველი ფორტეპიანო შეიძინა ა. გრიბოედოვმა. მანამდე ქალაქში სულ რამდენიმე მუსიკალური საკრავი იყო). მალე ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა და მუს. სალონების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. მღეროდნენ, ცეკვავდნენ ქართ. და ევრ. ცეკვებს. თვით ა. ჭავჭავაძე უკრავდა ჩონგურს, გატაცებული იყო მუსიკითა და სიმღერით. სალონი გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ა. გრიბოედოვი ამ ოჯახის სიძე გახდა. საღამოებზე ნ. ჭავჭავაძე ასრულებდა ა. გრიბოედოვის მუს. ნაწარმოებებს. ხშირად კი ორივე ერთად – კლასიკურ მუს. ნაწარმოებს. აქვე წარმოადგინეს ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“. 1839 ნ. ბარათაშვილმა ამ სალონში წაიკითხა „ბედი ქართლისა“; ტარდებოდა ა. ჭავჭავაძის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი პ. კორნელის ტრაგედიის, „ცინნას“ რეპეტიციები. სალონის შესახებ ცნობები შემოინახეს ა. ფადეევმა, თ. ტორნაუმ, ლ. დადიანმა, ი. მეუნარგიამ, კ. ბოროზდინმა. ა. ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს სალონის მასპინძლები იყვნენ ნ. ჭავჭავაძე და მისი ძმა დავითი. იგი დაიხურა ნინოს გარდაცვალების შემდეგ (1854).
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტ.-მუს. კერა იყო ნ. ბარათაშვილის სახლი, სადაც იკრიბებოდნენ პოეტის მეგობრები – ქართვ. ახალგაზრდები, რ-ებიც ზრუნავდნენ ეროვნ. თეატრის ჩამოყალიბებაზე, ქართ. ჟურნალისტიკის დაარსებასა და საქართვ. ისტორიის შედგენაზე. წრის წევრები იყვნენ დ. ყიფიანი, მ. თუმანიშვილი, დ. მაჩაბელი, კ. მამაცაშვილი და სხვ. იმართებოდა ლიტ. საღამოები. აქ წაიკითხა ნ. ბარათაშვილმა ი. ლაიზევიცის ტრაგედია „იულიუს ტარენტელის“ თარგმანი, ხოლო დ. ყიფიანმა – უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“. ნ. ბარათაშვილს სახლში ბევრი სამუსიკო საკრავი ჰქონდა, თავად შესანიშნავად უკრავდა თარსა და ჩონგურს და თავის სალონში გამართულ საღამოებზე ცეკვავდა კიდეც. სალონის ერთ-ერთი წევრი იყო მისი მეგობარი, იმხანად თბილისში მეტად პოპულარული მომღერალი სათარა. სალონმა არსებობა შეწყვიტა პოეტის გარდაცვალების შემდეგ (1845).
1867 ნ. ავალი-შვილისა და ვ. თულაშვილის თაოსნობით ლ. მაღალაშვილის ბინაზე შეიქმნა „არტისტული წრე“, რ-მაც დაიწყო წარმოდგენების გამართვა. ამ მიზნით მზადდებოდა პიესები, ეწყობოდა შეხვედრები. აქ იკრიბებოდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, დ. ყიფიანი, კ. მამაცაშვილი, გ. თუმანიშვილი, დ. ერისთავი, ი. ბაქრაძე, გ. ქართველიშვილი. დადგეს ა. წერეთლის, გ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებები. ამ წრის მუშაობა დაედო საფუძვლად 1874 ქართ. თეატრის აღორძინებას.
80-იან წლებში სერგის ქუჩაზე (ახლანდ. ი. მაჩაბლის №13, შემდეგ მწერალთა სასახლე) იყო მეცენატ დ. სარაჯიშვილის განთქმული სალონი, რ-საც სტუმრობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, რ. და დ. ერისთავები, ი. მეუნარგია, გ. ყიფიანი, ა. ფრონელი, ა. და ავქ. ცაგარლები, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძე, ი. მაჩაბელი და სხვ. აქ წაიკითხეს ი. ჭავჭავაძის „განდეგილი“, „ოთარაანთ ქვრივი“; მსჯელობდნენ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე. ამის გარდა, სალონის მასპინძლები მართავდნენ მეჯლისებს, რ-ებზეც იწვევდნენ წარჩინებულ საზ-ბას.
სალონური ხასიათი ჰქონდა ა. ფურცელაძისა და ვ. თულაშვილის ლიტ. წრეს, რ-იც იკრიბებოდა ა. ფურცელაძის ბინაზე ე. წ. „სალდათის ბაზართან“ (ახლანდ. ა. ფურცელაძის ქუჩისა და გ. ორბელიანის მოედნის შეერთების ადგილი). წრის მონაწილეები (პ. უმიკაშვილი, ნ. ყიფიანი, კ. ივანოვი, ლ. ჯანდიერი, თ. მაჩაბელი, გ. პაიჭაძე) მსჯელობდნენ ქართ. თეატრისა და სხვა საჭირბოროტო საკითხების შესახებ. სხდომებს ესწრებოდა დ. ყიფიანი. შემდეგ წრეს შეემატნენ დ. ბაქრაძე, ი. გოგებაშვილი, ი. მამაცაშვილი, ნ. ცხვედაძე. კითხულობდნენ არალეგალურ ლიტ-რას (ა. გერცენის „კოლოკოლი“). აქვე წამოიჭრა სახალხო სკოლების გახსნის საკითხი, ჩამოყალიბდა კულტ.-საგანმან. საზ-ბის დაარსების იდეა. ამ საზ-ბას შემდეგ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ეწოდა.
1885 წ. 31 დეკემბრიდან ი. ჭავჭავაძის ბინაზე, სადაც იყო „ივერიის“ რედაქცია და სტამბა (ნიკოლოზის, ახლანდ. ი. ჯავახიშვილის ქ. №7), საფუძველი ჩაეყარა ი. ჭავჭავაძის „ხუთშაბათობებს“. მონაწილეობდნენ რედაქციის თანამშრომლები და ქართ. მწერლობის სხვა წარმომადგენლები. სხდომებს ესწრებოდნენ ა. ლაისტი, ნ. ხიზანიშვილი (ურბნელი), ი. მანსვეტაშვილი, ე. გაბაშვილი. „ხუთშაბათობები“ იმართებოდა 1902-მდე.
XIX ს. დასაწყისიდან თბილისში ლ.-მ. ს. ჰქონდათ აქ დროებით თუ მუდმივად მცხოვრებ რუსი ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ასეთი იყო პ. არსენიევას (გენ. თ. ახვერდოვის მეუღლე და მ. ლერმონტოვის ნათესავი) სალონი. აქ თავს იყრიდნენ ა. გრიბოედოვი, ა. ოდოევსკი, ვ. კიუხელბეკერი, ა. ჭავჭავაძე, გ. ჭილაშვილი (ი. ჩელიაევი) და სხვ. პ. არსენიევას ჰქონდა პანსიონიც, სადაც აღიზარდნენ ნ. და ე. ჭავჭავაძეები. სალონი არსებობდა 1816–30. სალონები ჰქონდათ მთავარმართებლების – ი. პასკევიჩის, ა. ერმოლოვისა და მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის მეუღლეებსაც.
ა. ერმოლოვმა 1819 კერძო ბინაზე მოაწყო კლუბი. აქ გამართულ მეჯლისებზე იკრიბებოდა მაშინდელი თბილ. არისტოკრატიული ელიტა. მთავარმართებელთა საოჯახო სალონები, ქართ. არისტოკრატიული სალონებისაგან განსხვავებით, კავკ. მმართველთა გარკვეული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო.
ლიტ.: ბალახაშვილი ი., ლიტერატურული წრეები და სალონები საქართველოში, თბ., 1940; გაჩეჩილაძე ა., ნარკვევები მე-19 საუკუნის ქართული დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, თბ., 1957; მეტრეველი ს., ქართული რომანტიკული თეატრის ანარეკლები და ნიკოლოზ ბარათაშვილი, კრ.: რომანტიზმი ლიტერატურში – ეპოქათა და კულტურათა გზაჯვარედინზე, თბ., 2017.
ს. ხუციშვილი
მ. ფიჩხაძე