ლიტრა (ბერძნ. litra), ძველი (ბერძნული, ელინური) სამყაროს მასის ერთეული, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოშიც. წყაროებში გვხვდება IX ს-იდან, მაგრამ მისი დამკვიდრება უფრო ადრეა სავარაუდო. თავდაპირველი ლ. უდრიდა რომაულ-ბიზანტიურ ლ-ს – 327,45 გ. შემდეგ მისი მასა გაიზარდა და გახდა: 406,25 გ (IX–XI სს), 950 გ. (XIII ს.), 1,07 კგ (XIV–XV ს. I ნახ. ), 1,780 კგ (XV ს. II ნახ. XVI ს.), 2,5 კგ (XVII ს.), 3 კგ (XVII ს-ს მიწურული – XVIII ს. I ნახ.), 3,3–3,4 კგ (XVIII ს. II ნახ.).
ლ. XIX ს. აღმ. საქართველოში გამოიყენებოდა მარცვლეულის, აგრეთვე სითხის საწყაოდაც. მისი ტევადობა სხვადასხვა კუთხეში 3,2–5 კგ/ლ-მდე მერყეობდა.
ლიტ.: ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX–XIX სს.) თბ., 1973.
გ. ჯაფარიძე