ლიტურგია

ლიტურგია (ბერძნ. leiturgia – საზოგადო სამსახური, საერთო საქმე). 1. სახელმწიფო ვალდებულება ძვ. ბერძნულ პოლისებში; 2. ქრისტიანული საეკლესიო მღვდელმსახურება [მართლმადიდებელ ეკლესიაში – წირვა (ჟამისწირვა), კათოლიკურში – მესა], რ-ის დროსაც სრულდება 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი – ზიარება, ანუ ევქარისტია. ლ. ტიპიკონითაა განსაზღვრული და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ დილით აღესრულება. შედგება საკითხავებისა და საგალობლებისგან. მისი საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა IV ს-ში. გავრცელებული იყო ლ-ის წესების სხვადასხვა რედაქცია: მოციქულთა – იაკობის, მარკოზის, პეტრესი; ეკლესიის მამათა – ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის. ლ-ის წესების სახელმძღვანელო წიგნს კონდაკი ან ჟამისწირვა ეწოდება. ლ. სამი ნაწილისაგან შედგება: კვეთა (პროსკომიდია), კათაკმეველთა ლ. და მართალთა ლ. X ს. დასასრულამდე საქართველოში ხმარობდნენ იაკობის, პეტრეს, აგრეთვე ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლ-ებს. ფართოდ გავრცელებული უკანასკნელი 2 რედაქცია XI ს-ში ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა გიორგი მთაწმიდელმა. ასევე იხმარებოდა იაკობის ავტორობით ცნობილი სპეც. საღვდელმთავრო კონდაკი (იხ. არქიერატიკონი). ქართ. ლ-ის წესებში ცვლილება შეიტანა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა, რ-მაც ქართული კონდაკი სლავურის მიხედვით შეასწორა. ცნობილია წმ. იოანე ოქროპირის წირვის წესის ქართ. საეკლ. საგალობლები (ქართლ-კახური კილო), შედგენილი სხვადასხვა დროს ა. ბენაშვილის (1886), მ. იპოლიტოვ-ივანოვის (1884), ზ. ფალიაშვილის (1909), ნ. კლენოვსკის (1901) მიერ. IX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში გამოიცა აგრეთვე ვ. კარბელაშვილის ქართლ-კახური საგალობლები – „ცისკარი“ და „მწუხრი“, ფ. ქორიძის და რ. ხუნდაძის იმერულ-გურული კილოს წირვა-ლოცვის დროს შესასრულებული საგალობლები.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მცირე საეკლესიო ენციკლოპედია, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ., 2004; Кекелидзе К., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл.,1908.

ბ. ლომინაძე

გ. ჩხიკვაძე