ლიტურგიკული დრამა, შუა საუკუნეების რელიგიურ-მისტიკურ წარმოდგენათა სახეობა, სასულიერო დრამა. წარმოიშვა IX ს-ში. დაკავშირებული იყო საშობაო და სააღდგომო კათოლ. ღვთისმსახურებასთან. იწერებოდა ლათ. ენაზე. იყო ხალხურ სანახაობით ფორმათა ერთგვარი ანტითეზა (სახარების ეპიზოდთა, წმინდანთა და მოციქულთა შესახებ თქმულებების ინსცენირება).
ქრისტ. ეკლესია საეკლესიო მსახურებაში ფართოდ იყენებდა თეატრალიზაციის ხერხს, რაც განაპირობებდა ეკლესიის საიდუმლოებასთან მიახლოებას და ღვთის მსახურების დროს ექსტაზის განცდას. ფაქტობრივად ლ. დ-ის მიზანი იყო კათარზისის, განწმენდის მიღწევა. საშემსრულებლო თვალსაზრისით, ლ. დ-ს ახასიათებდა მკაცრი ფორმალიზმი, რიტუალურ-სიმბოლისტური სტილი. XIII ს-იდან ლ. დ-ში შეიჭრა საერო მოტივები, ხალხ. ინტონაციები; მეტი ადგილი დაიჭირა კომედიურმა ელემენტებმა, გაძლიერდა სანახაობითი მხარე, სას. პირებთან ერთად მონაწილეობდნენ საერო პირებიც; წარმოდგენამ ტაძრიდან მოედნებზე გადაინაცვლა და რელიგ. დღესასწაულთა ნაცვლად იმართებოდა ბაზრობის დღეებში; ლათ. ენა შეცვალა ადგილ. ევრ. ენებმა. ამის შემდეგ მას ნახევრად ლ. დ. ეწოდება, ხოლო მოგვიანებით მისტერიის სახე მიიღო.
ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში X ს-იდან დღემდე სრულდება ლ. დ. – „განგება ფერხთა ბანისა“ (სახარების ერთ-ერთი ეპიზოდის ინსცენირება).