ლიქენები

ლიქენები (Lichenes), მღიერები, ქარაგოზები, ორგანიზმები, რომლებიც შედგება სოკოსა და წყალმცენარისაგან. მეცნიერებას ლ-ის შესახებ ლიქენოლოგია ეწოდება. ლ. აერთიანებენ 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას. არჩევენ ქაფისებრ (ანუ ქერქისებრ), ფოთლისებრ (ანუ ფირფიტისებრ) და ბუჩქისებრ ლ-ს. არსებობს მათ შორის გარდამავალი ფორმებიც.

ანატომიური აგებულებით ლ. ორნაირია: ჰომეომერული (წყალმცენარეები მეტ-ნაკლებად თანაბრადაა განაწილებული თალუსში) და ჰეტერომერული (წყალმცენარეები თალუსში ერთ შრეს ქმნიან). ლ. მრავლდებიან სქესობრივად, უსქესოდ და ვეგეტატიურად. სქესობრივი პროცესის შედეგად ლიქენის სოკოს სპორები წარმოიშობა ჩანთებში (ჩანთიანი ლ. – Ascolichenes) ან, ძალზე იშვიათად, ბაზიდიუმებზე (ბაზიდიუმიანი ლ. – Basidiolichenes). ჩანთები ვითარდება პერითეციუმებში ან აპოთეციუმებში. უსქესო გამრავლების დროს წარმოიშობიან კონიდიუმები და პიკნოსპორები. სოკოს გაღივებული სპორა ხვდება შესაბამის წყალმცენარეს და მასთან ერთად ქმნის ლ-ის ახალ თალუსს. ვეგეტატიური გამრავლება ხდება თალუსის ნაგლეჯებით ან სორედიუმებითა და იზიდიუმებით. ლ-ის მუდმივი კომპონენტი – წყალმცენარეები მრავლდებიან დაყოფით, მწვანე წყალმცენარეები – ხშირად ავტოსპორების წარმოქმნით.

წყლის რეჟიმის მიხედვით ლ. მიეკუთვნება პოიკილოჰიდრულ მცენარეებს. წყალს და მასში გახსნილ საკვებ ნივთიერებებს თალუსის მთელი ზედაპირი ითვისებს. ლ. შედარებით ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას. გამოშრობისას ფოტოსინთეზი სუსტდება ან წყდება. ლ. ნელა იზრდება, მათი წლიური ნაზარდი 0,01–100 მმ აღწევს; ლ. სახლდებიან მცენარეულობის გავრცელების უკიდურეს საზღვრამდე, უმთავრესად კარგად განათებულ ადგილებზე, სხვადასხვა სუბსტრატზე – მთის ქანებზე, მერქნიან მცენარეებზე, ნიადაგზე, ტყავზე, ძვალზე, მინაზე, რკინაზე, ქსოვილზე და სხვ. ლ-ში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობის შესახებ ბოლო დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სიმბიოზის მცდარი კონცეფცია, რ-ის მიხედვითაც პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს: სოკო „ამარაგებს“ წყალმცენარეს წყლით და არაორგ. მარილებით, ხოლო წყალმცენარე – სოკოს მზა ორგ. ნივთიერებებით. სინამდვილეში ლ-ში სოკოსა და წყალმცენარის ურთიერთობა დაფუძნებულია პარაზიტიზმზე. ლ. პოლიფილეტური წარმოშობისაა. ნამარხებიდან ყველაზე ადრეულ ლ-ს ზედა ცარცულ პერიოდს მიაკუთვნებენ.

   ლ. ხშირად მცენარეულობის პიონერებია, სახლდებიან უნაყოფო ადგილებზე; მათი დაღუპვის შედეგად რჩება ორგ. ნივთიერებები, რ-ზეც სხვა მცენარეებს შეუძლიათ დასახლება. ჩრდ-ში ბუჩქისებრი ლ-ით ირმები იკვებებიან. ზოგიერთი მათგანი სამკურნალოდ გამოიყენება (სისხლის წნევის ამწევი, პერისტალტიკის გამაძლიერებელი, ანტიბიოტიკებისა და ვიტამინების შემცველი), ზოგს სამღებრო საქმესა და პარფიუმერიაშიც ხმარობენ, ზოგიერთისაგან კი ლაკმუსს ამზადებენ.

ც. ინაშვილი