ლიჩელი ვახტანგ ტარიელის ძე

ვ. ლიჩელი

ლიჩელი ვახტანგ ტარიელის ძე (დ. 16. IV. 1948, ბორჯომი), არქეოლოგი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1991). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1971). 1970-იდან მონაწილეობს ან ხელმძღვანელობს საქართვ. ტერიტორიაზე ჩატარებულ გათხრებს – ვანი, ნასტაკისი, ძალისა, აბასთუმანი, წნისი, ბენარა, ასპინძა, წაღვერი, მზეთამზე, იგოეთი და სხვ. 2015-იდან დღემდე ხელმძღვანელობს ქართ. არქეოლ. მისიას კვიპროსზე. არის თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის არქეოლოგიის ინ-ტისა და არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი (2010-იდან).

ლ-ს სამეცნ. მოღვაწეობა მოიცავს როგორც საველე არქეოლ. სამუშაოებს, ისე თეორიული სახის გამოკვლევებს. მან საქართველოში პირველმა (1977) გამოიყენა კომპიუტერული ტექნიკა არქეოლ. კლასიფიკაციის პრობლემების გადასაჭრელად. 1987 დაამუშავა ფენის თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – არტეფაქტების კულტურულ ფენებში განფენის რაოდენობრივი შეფასების მათემატიკური კრიტერიუმი („ფენის ნაჯერობა“). ფიზიკოსებთან ერთად ამუშავებს დათარიღების თანამედროვე მეთოდებს (ელექტროპარამაგნიტური რეზონანსი და კერამიკის დეჰიდრატაცია). 1994-იდან ინტენსიური სამეცნ. ურთიერთობები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა უნ-ტთან და ინ-ტთან, არის სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციისა და კომისიის წევრი, მ. შ. იუნესკოს საქართვ. კომისიის „ადამიანი და გარემო“ წევრი (2010-იდან).

ლ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, მათ შორისაა „საველე არქეოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია“ (2010), „არქეოლოგიის მართვის საკითხები“ (2013), „საუბრები არქეოლოგიაზე“ (2021).

ლ-ს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2013), წმ. გრიგოლ ფერაძის პრემია (პოლ., 2016), თსუ-ის საიუბილეო (2018), ივ. ჯავახიშვილის სახ. (2018) და თსუ-ის ოქროს (2021) მედლები. არის ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქე (2011).