ლიჩელი თამარ ვახტანგის ასული

თ. ლიჩელი

ლიჩელი თამარ (თათა) ვახტანგის ასული (დ. 8. XI. 1978, თბილისი), პიანისტი, პედაგოგი, საერთაშ. კონკურსების ლაურეატი. 1996 დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახ. „ნიჭიერთა ათწლედი“ (ფორტეპიანოს განხრით, პედ. გ. გოგია), 2001 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (თ. ამირეჯიბის კლასი). მასტერკლასი გაიარა ავსტრიაში (1997; პედ. ჰ. ლეიგრაფი), სტაჟირება – იტალ. სანტა-ჩეჩილიას ნაციონალურ აკადემიაში (2004; პედ. ს. პერტიკაროლი), კვალიფიკაცია აიმაღლა მიუნხენის უმაღლ. მუს. აკადემიაში (2009; პედ. გ. ოპიტცი). 2007-იდან არის თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ასისტენ-პროფესორი, შემდგომ – ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე „კლასიკური მუსიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი. ატარებს მასტერკლასებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. არის მრავალი ფესტივალის მონაწილე, ყოველწლიური კონკურსის „Ibla Grand Prize“ ჟიურის წევრი. 2013 დააარსა თ. ამირეჯიბის სახ. ყოველწლიური საერთაშ. მუს. ფესტივალი (სამხატვრო ხელმძღვ.), 2014 – საფორტეპიანო ტრიო „Sempre“, 2015 – თ. ამირეჯიბის სახ. პიანისტთა საერთაშ. კონკურსი (ქ. ბორჯომი). დიდი წვლილი შეაქვს ქართ. მუსიკის პოპულარიზაციაში, არის არაერთი ქართვ. კომპოზიტორის ნაწარმოებთა პირველი შემსრულებელი. მათ  შორისაა ფ. ღლონტის №3 და რ. კემულარიას №1 საფორტეპიანო კონცერტები, ზ. ნადარეიშვილის „საფორტეპიანო ვარიაციები ს. ცინცაძის თემაზე“ (II რედაქცია), ვ. აზარაშვილის სიუიტა „ძველი თბილისის ჩანახატები“ და სხვ. მის რეპერტუარშია აგრეთვე მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე მუსიკა. ლ. არის მარკოპულოს (I პრემია, 1997, საბერძნეთი), საქართვ. მუსიკოს-შემსრულებელთა (I პრემია, 2003), „Ibla Grand Prize“-ის (I პრემია, გან-პრი, სპეც. პრიზი რაველისა და ნაციონალური ნაწარმოების შესრულებისათვის. იტალია, 2014) და სხვ. საერთაშ. კონკურსების ლაურეატი, მინიჭებული აქვს ლოს-ანჯელესის „Global Music Awards“-ისა და „Music Academy Awardes“-ის პრემიები, „წლის საუკეთეასო დისკი“ (კომპაქტდისკისათვის „Micheil Travlos. Twenty one Concert Studies. Tamara Licheli – piano“ (2021). 2013 გამოსცა წიგნი „თენგიზ ამირეჯიბი“.

ლიტ.: კაკულია ლ., რეცენზია კონცერტზე „ანალიტიკური წიაღსვლებით, „მუსიკა“, 2015, №1; ყიფიანი თ., შემპრე „მუსიკა“, 2014, №3.