ლიხის ქედი

ლიხის ქედი, სურამის ქედი, კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი სუბმერიდიანული ქედი, რ-იც საქართველოს ყოფს აღმ. და დას. ნაწილებად (ძვ. წყაროებით „ლიხთიმერად“ და „ლიხთამერად“). ლ. ქ. შავი და კასპიის ზღვების აუზების წყალგამყოფია. ქედის შუა მონაკვეთი ტექტონიკურად ეკუთვნის ძირულის კრისტალურ მასივს, ჩრდილოეთი – კავკასიონს, სამხრეთი – მცირე კავკასიონს. მისი სიგრძე ერწოს უღელტეხილიდან ლომისმთა 102 კმ-ია. აბსოლ. სიმაღლე ცვალებადობს 900–2471 მ ფარგლებში. მწვერვალებიდან აღსანიშნავია: ალხაშენდა (ზ. დ. 2319 მ), რიბისი (ზ. დ. 2470 მ), ბილურთა (ზ. დ. 2166 მ), რუსთავი (ზ. დ. 1936 მ), ლოხონი (ზ. დ. 1925 მ), შვილდისი (ზ. დ. 1443 მ), კაპრებისმთა (ზ. დ. 1177 მ), ედისჯვარი (ზ. დ. 1320 მ), საბუეთი (ზ. დ. 1248 მ), წაქვა (ზ. დ. 1220 მ), ვირიგვერდი (ზ. დ. 1644 მ). უღელტეხილებიდან აღსანიშნავია ჯვარი (936 მ), რიკოთი (999 მ) და სხვ.

ლ. ქ. ასრულებს კლიმატგამყოფის როლს, მაგრამ კოლხეთისა და აღმ. საქართვ. კლიმ.-ბოტანიკური ოლქების საზღვარი წყალგამყოფს კი არ მიუყვება, არამედ ქედის აღმ. კალთებს. ქედის უმეტესი ნაწილი ფართოფოთლოვანი ტყითაა შემოსილი (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი), განაპირა ჩრდ. და სამხრ. ნაწილებში წიწვიანებიცაა. სუბალპ. და ალპ. მდელოები მხოლოდ უკიდურეს ჩრდ. ბოლოზეა (მთები რიბისი და ალხაშენდა). სხვა უტყეო უბნები ანთროპოგენული წარმოშობისაა.

ქედში გაყვანილია წიფის სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბები, ხოლო ქედზე გადის ხაშურის, ზესტაფონისა და გომი–საჩხერის საავტ. გზები.

ლ. მარუაშვილი