ლიხნის წარწერები, ძველი ქართული წარწერები ლიხნის ტაძრის (გუდაუთის აღმ-ით 6 კმ) პატრონიკეს კედლებზე. აქ სხვადასხვა ადგილას არის ათზე მეტი წარწერა, რ-თაგან უმნიშვნელოვანესია სამი: წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ, ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა და გიორგი კურაპალატის წარწერა. ტაძრის კედლის შელესილობა პირველი და მესამე წარწერის (აგრეთვე მასზე შესრულებული სხვა ფრაგმენტული წარწერების) ტექსტით, საქართვ. კულტ. სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს საბჭოს გადაწყვეტილებით, 1986 მოიხსნა კედლიდან და გადაიტანეს თბილისში, ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოში, სადაც გაიწმინდა, გამაგრდა და ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ინახება ძვ. ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში. მეორე წარწერა თავის ადგილზეა – ლიხნის ტაძრის დას. კედელზე.
წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ ერთსტრიქონიანია, შესრულებული თავისებური ხერხით: ასომთავრული ტექსტის ყოველი სიტყვის პირველი მოზრდილი ასოს მთელ სიგრძეზე ჩამოწერილია ამ სიტყვის დანარჩენი ასოები უფრო პატარა ზომისა, ხოლო მრგვალი მოხაზულობის ასოებში, მაგ., ან-ში, ორ ადგილას, პატარა ასოები დიდი ზომის ასოს მუცელშია ჩაწერილი. მთლიანად წარწერა შესრულებულია წითელი საღებავით, სინგურით. მისი ტექსტი ასეთია: „ქ. კურთხეულ ხარ ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა, ესე იქმნა დასაბამითგანთა წელთა სქით, ქრონიკონსა სპვ, მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა, ინდიქტიონსა ლE. აპრილსა თუესა ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა, ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვე, ესე იქმნა ბზობითგან აღვსებამდე“. წარწერა პირველად შეისწავლა აკად. მ. ბროსემ (1848). მიჩნეულია, რომ ლიხნის ტაძრის წარწერაში აღწერილია ჰალეის კომეტის დედამიწის ხილვადობის სფეროში გამოჩენის ერთ-ერთი შემთხვევა, რაც მოხდა XI ს-ში, 1066. წარწერის დასაბამითგანითი თარიღი და თარიღი ბაგრატ IV-ის მეფობის წლების მიხედვით შეესაბამება 1065-ს, ხოლო ქორონიკონითი თარიღი – 1066. ვინაიდან ტექსტში აღნიშნულია, რომ კომეტა გამოჩნდა აპრილში, ბზობიდან აღდგომამდე (1066 აღდგომა იყო 16 აპრილს, ბზობა იქნებოდა 9 აპრილს), ამიტომ წარწერის თარიღად 1066 უნდა მივიჩნიოთ. მაშასადამე, საქართველოში კომეტა იხილვებოდა 1066 წლის 9–16 აპრილს.
ვაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა შესრულებულია სინგურით 9 სტრიქონად, მდივანმწიგნობრული დამწერლობით. იგი მიწერილია ტაძრის მეორე სართულზე, ქორედის დას. სარკმლის მარჯვნივ, სარკმლიდან თაღამდე კედლის მონაკვეთზე. ტაძრის კედელიცა და წარწერაც XIX–XX სს-ში რამდენჯერმე შეუთეთრებიათ კირით. ამის შედეგად წარწერა, რ-იც 1848 შეისწავლა და მომდევნო წელს გამოსცა (თუმცა არასწორი წაკითხვით) მ. ბროსემ, დაფარული იყო. 1983–86 რესტავრატორ მ. ბუჩუკურის ხელმძღვანელობით კედელი გაიწმინდა და გამოჩნდა წარწერის ძალზე გაბაცებული ტექსტი. ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრში ინახება ამ წარწერის ასლი, გადმოღებული, როგორც ჩანს, XIX ს-ში. მართალია, იგი ზუსტი არ არის, რადგან გადმოღებულია მდივანწიგნობრული დამწერლობის არმცოდნის მიერ, მაგრამ დედნისა და ასლის შეჯერებით დადგინდა წარწერის შემდეგი ტექსტი:
„ წმიდაო ღმრთისმშობელო, უხრწნელო ქალწულო მარიამ, შემეწიე, შემიწყალე, დამიცევ, დამიფარე და მიHსენ ყოველთა წინამიმდებარეთა ჭირთა და მომავალთა განსაცდელთაგან; ჩემგან შორს ყვინ! და მეოხ მეყავ წინაშე ძისა შენისა, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა ქრისტესსა, უღირსსა, მიწასა, ჭიასა, ავლსა და მტუერსა, მონასა და მადიდებელსა და მოსავსა შენსა ვაჩეს პროტოსპათარსა და იპატოსსა, დისწულსა ჭყონდიდლისასა, მე და პეტრიკ პატრიკსა და მწიგნობართა უხუცესსა“.
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა X ს-ისაა. მასში მოხსენიებული პეტრიკ პატრიკი და მისი ძმა იოვანე ჭყონდიდელი (იგი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, წარწერაში სახელით არც იხსენიება) მეფე ბაგრატ IV-ის (1027–72) ხანის ცნობილი პოლიტ. და საეკლ. მოღვაწეები არიან. მათი დისწული ყოფილა ბიზანტ. საიმპერატორო კარის მაღალი ტიტულების – პროტოსპათარისა და იპატოსის მქონე ვაჩე, ჩვენთვის ამ წარწერამდე უცნობი. გიორგი ხუცესმონაზვნის „გიორგი მთაწმიდელის ცხორებიდან“ ცნობილია, რომ პეტრიკ პატრიკმა (როგორც ჩანს, იგი ბაგრატ IV-ის წარმომადგენელი იყო ბიზანტ. საიმპერატორო სამეფო კარზე) და მისმა ძმამ იოვანე ჭყონდიდელმა (სავარაუდოდ, მან გიორგი მთაწმიდელის წინადადებით დაიკავა ბაგრატ IV-ის მიერ გიორგი მთაწმიდელისათვის შეთავაზებული ჭყონდიდის კათედრა) დიდი როლი შეასრულეს გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი წიგნების გამრავლებისა და გავრცელების, ასევე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი კანონიზაციის საქმეში. ორივე რამდენჯერმე იხსენიება ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში.
გიორგი კურაპალატის წარწერა შესრულებულია სინგურით, მდივანმწიგნობრული დამწერლობით, ორ გრძელ სტრიქონად იმ წარწერის ქვემოთ, რ-იც ეხება კომეტის გამოჩენას. მისი ტექსტი ნახსენებ ორ წარწერასთან შედარებით დაზიანებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი გარკვევით იკითხება: „ქ. მეუფეო, ძეო მეუფისაო, ღმერთო, ძეო ღმრთისაო, ადიდე, დაიცევ, გაზარდე, აკურთხე და დღეგრძელ ყავ, და მრავალ ყვინ წელნი მეფობისა მისისანი, დღენი ცისანი, გინა მქუ[ეყანისანი], კეთილად მსახურისა და მადიდებელისა ღმრთაებისა შენისა გიორგი კურაპალატისანი და ყავ განგებაი მისი, მოწყალებაი გლახაკთაი, მოღუაწებაი ეკლესიათაი [...] და სრულ ყავ წყალობაი მათი მიწასა, ჭიასა, საპყარსა იოვანე სირნაწს [...] კანანახსა, მწიგნობარსა და დიაკონსა“.
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI ს-ისაა. მასში მოხსენიებული გიორგი კურაპალატი არის მეფე გიორგი II (1072–89), ძე ბაგრატ IV-ისა და მამა დავით IV აღმაშენებლისა. წარწერა შესრულებული უნდა იყოს ჯერ კიდევ გიორგი მეფის უფლისწულობაში კურაპალატის ტიტულის მიღებასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს წარწერის ადორაციული, განმადიდებელი ხასიათი და მასში გიორგის კურაპალატობის საგანგებოდ აღნიშვნა. გიორგის მამა მეფე ბაგრატ IV 1059 ნოველისიმოსის ტიტულით იხსენიება, მანამდე იგი კურაპალატი იყო 1032-იდან. როგორც ჩანს, 1059, ან ცოტა უფრო ადრე, „გამოთავისუფლებული“ კურაპალატის ტიტული გიორგი უფლისწულს უნდა მიეღო და წარწერაც XI ს. 60-იანი წლებით (მაგრამ არა უადრეს 1066-ისა), უნდა დათარიღდეს, რადგან კედელზე იგი ისეა მიწერილი, როგორც ამის საშუალებას იძლევა 1066-ის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ. წარწერის ზედა თარიღი კი 1072-ით უნდა განისაზღვროს, რადგან შიომღვიმის მონასტრისათვის გაცემულ სიგელში გიორგი II კურაპალატობით თავის ძეს, დავითს მოიხსენიებს. ამიტომ ლიხნის ტაძრის ამ წარწერის თარიღი შეიძლება 1066–72-ით განისაზღვროს.
ლიხნის ტაძარზე მოიპოვება ასევე XI ს-ით დათარიღებული ათამდე წარწერის ფრაგმენტები; XIV ს-ით თარიღდება 10-ზე მეტი წარწერა, რ-ებიც ამ დროის ფრესკებს ახლავს და გამოსახულ პირებსა და სიუჟეტებს განმარტავს. ლიხნის ტაძრის წარწერები უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის.
ლიტ.: სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2006; Brosset M.-F., Rapports sur un voyage archeologigue dans la Georgie et dans L˒ Armenie, Livr. 1, St.-Pb. 1849.
ვ. სილოგავა