ლობიო (Phaseolus), ერთ-და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მოიცავს 150-ზე მეტ სახეობას, რ-ებიც ამერ., აზიის და აფრ. ტერიტორიებზე იზრდება. არსებობს ლ-ს კულტურის დაახლ. 20 სახეობა, რ-თაგანაც სასურსათო მნიშვნელობისაა 7. უფრო გავრცელებული სახეობაა ჩვეულებრივი ლ. (Ph. vulgaris), რ-იც ყველა კონტინენტზე მოჰყავთ. ეს არის საგაზაფხულო ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რ-ის ბუჩქისებრი ღეროს სიმაღლეა 20–45 სმ, ხოლო ხვიარა ფორმებისა 2–5 მ აღწევს. ყვავილები თეთრი და მოვარდისფრო-მოიისფროა; ნაყოფი პარკია, რ-ის სიგრძე 7-იდან 28 სმ-მდეა; აქვს 3–7 სფეროსებრი, წაგრძელებული და თირკმლისებრი, თეთრი, მოწითალო, ყავისფერი ან ჭრელი თესლი. 1000 თესლის მასა 250-იდან 400 გ-მდეა. ლ. სითბოს და სინათლის მოყვარული მცენარეა, შედარებით გვალვაგამძლეა, ხარობს თითქმის ყველანაირ ნიადაგზე. ლ-ს ყველა კულტ. სახეობა სასურსათო, ცხოველთა საკვები, სასიდერაციო და დეკორ. მცენარეა. მისი მარცვალი შეიცავს 31%-მდე ცილას, 50–60% ნახშირწყლებს, 3,6%-მდე ცხიმებს. საკვებად იყენებენ მწიფე თესლს (მარცვალს) და მისგან დამზადებულ ფქვილს, მწვანე პარკს, ცხოველის საკვებად – მწვანე მასას, მის სილოსს (სიმინდთან ერთად).
ლ-ს მრავალი სახეობის სამშობლოა ცენტრ. და სამხრ. ამერიკა, სამხრ.-დას. აზია. ჩვეულებრივი ლ. ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს XVI ს-ში. დას. საქართველოში, კერძოდ, გურიასა და სამეგრელოში ლ. XVI ს-იდანაა კულტივირებული, აღმ. საქართველოში უფრო მოგვიანებით გავრცელდა. შეიქმნა ლ-ს ჯიშობრივი მრავალფეროვნება. ჯერ კიდევ 1925 საქართველოში აღიწერა ამ კულტურის 1000-ზე მეტი ჯიშ-პოპულაცია, ფორმა და რასა. ლ. გავრცელებულია მთელ საქართველოში ზ. დ. 1500–1700 მ სიმაღლემდე. უფრო ფართოდაა გავრცელებული ზ. დ. 1000 მ-მდე. მოჰყავთ როგორც სიმინდთან ერთად, ისე ცალკე ნათესებში. ჩვენში უმეტესად სამარცვლედ მოჰყავთ, მაგრამ საპარკე ლ-ც საკმარისად იწარმოება როგორც სამრეწველო, ისე საკარმიდამო ნაკვეთებში. ლ. ხშირად ითესება ხეხილის ბაღებსა და ვენახების რიგთაშორისებში, რისთვისაც სპეც. კუტი ლ-ს ჯიშებია შერჩეული „ვენახის ლობიოს“ და „ბაღის ლობიოს“ სახელწოდებით. საკვებად ასხვავებენ საპარკე (კონსერვების საწარმოებლად), ნახევრად საპარკე და სამარცვლე ლ-ს. კუტი ლ-ს ყვავილობა იწყება დათესვიდან 40–60 დღეში და გრძელდება 15–20 დღე, ხვიარა (სარის) ჯიშებისა – 30–80 დღეში. ლ. სამარცვლე პარკოსანთა შორის პირველ ადგილზეა. გასავრცელებლად დაშვებული ჯიშებია: წითელი, ინდური, ლიახვი, ჩიტიკვერცხა (გურული ლობიო), ბერპი, ცანავა-3, წითლადჭრელი, შულავერული, ბათუმურა, გრძელი თეთრმარცვალა, ნახევარგვერდა თეთრი, ლიახვი და სხვ. ლ-ს ყველაზე მეტად აზიანებს ლ-სა და ბარდის მემარცვლიები; დაავადებებიდან – ანთრაქნოზი და ბაქტერიოზი.
ა. ჯაფარიძე
ვ. ჯაფარიძე
ო. ლიპარტელიანი