ლობჯანიძე თედორე დომელას (დომენტის) ძე (4. II. 1906, სოფ. ღები, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 10. I. 1975, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1970). დაამთავრა ამიერკავკასიის 26 ბაქოელი კომისრის სახ. კომუნისტური უნ-ტი (1933). 1933–46 მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1946–50 იყო თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი, 1968–73 ეკავა პროფესორის თანამდებობა, 1973-იდან იყო ამავე კათედრის კონსულტანტი.
ლ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორია, რ-ებიც ეხება კაპიტალ. კვლავწარმოებისა და სოციალიზმის გეგმაზომიერი განვითარების პრობლემებს. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–45). მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.
თხზ.: გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის არსებითი განსხვავების დაძლევის პრობლემა სსრ კავშირში, თბ., 1959; შრომის მიხედვით განაწილება და მატერიალური დაინტერესების პრინციპი კომუნიზმის გაშლილი მშენებლობის პერიოდში, თბ., 1966.
ლ. აბრამიშვილი