ლოგოგრაფოსები

ლოგოგრაფოსები (ბერძნ. მწერალი, პროზაიკოსი), 1. ისტორიულ თხზულებათა ავტორების (ჰეროდოტეს ჩათვლით) აღმნიშვნელი ტერმინი, რ-იც შემოიღო თუკიდიდემ (ძვ. წ. 460–396). XIX ს. დასაწყისში ლ-მ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა და მას იყენებდნენ ჰეროდოტეს წინამორბედ ძვ. ბერძნ. ისტორიოგრაფიის წარმომადგენელთა მოსახსენებლად. ლ. თავდაპირველად პროზაული სახით, ზეპირად, შემდეგ კი წერილობით მოგვითხრობდნენ გარდასულ ამბებს, იძლეოდნენ ისტ.-გეოგრ., თუ ეთნოგრ. ხასიათის ცნობებს შორეული ხალხების შესახებ. მათი ნაწარმოებები უმეტესად წარმოადგენდა ქრონიკებს – კომპილაციებს. ლ-ის თხზულებათა ფრაგმენტებმა ჩვენამდე მოიტანა მრავალი საინტერესო ცნობა ძვ. კავკასიის, კერძოდ, საქართველოს შესახებ. მათთან ჩნდება კოლხეთის გეოგრ. აღწერილობანი. ცნობილი ლ. იყვნენ ჰეკატეოს მილეტელი (ძვ. წ. 540–478), ჰელანიკე (ძვ. წ. VI–V ს. I ნახ.). 2. პირები, რ-ებიც მომჩივანთათვის სასამართლოში წარსადგენ სიტყვას წერდნენ. ძვ. წ. V ს. მიწურულს ათენში მოღვაწეობდა სახელგანთქმული ლოგოგრაფოსი ლისიასი.

ლიტ.: ასათიანი ვ., ანტიკური კულტურა. ბიზანტია და საქართველო, თბ., 2021;  ლომოური ნ., ბერეძენი ლოგოგრაფოსების  ცნობები ქართველი  ტომების შესახებ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., 1963, ნაკვ. 35; წერეთელი ალ., ძველი საბერძნეთის ისტორიის წყაროთმცოდნეობა, თბ., 1963.