ლოგოპედია

ლოგოპედია (ბერძნ. logos – სიტყვა და paideia – აღზრდა, სწავლება), კორექციული პედაგოგიკის დარგი, რომელიც შეისწავლის მეტყველების ნაკლს ნორმალური სმენის პირობებში, ამუშავებს სპეციალურ პედაგოგიურ ხერხებსა და მეთოდებს მისი გამოსწორებისა და ნორმალური მეტყველების აღზრდისათვის (აღდგენისათვის). ლ. მჭიდროდ უკავშირდება პედაგოგიკას, ფსიქოლოგიას, ენათმეცნიერებას, ნევროპათოლოგიას, ფსიქიატრიას, ოტოლარინგოლოგიას, ანატომია-ფიზიოლოგიას, სამკურნალო ფიზკულტურას და სხვ. საკორექციო-აღმზრდელობითი ღონისძიებანი საჭიროებისამებრ ეხმარება სამედ. რეკომენდაციებსა და მკურნალობას.

ლ. კორექციული პედაგოგიკის ერთ-ერთი დარგია. ლოგოპედიური მუშაობის დროს ხდება სამეტყველო მოტორიკის დამუშავება სწორი ბგერათწარმოთქმისთვის, ფონემატური სმენის მოწესრიგება; ნორმალიზდება მეტყველების ტემპი და რიტმი; მუშავდება ხმა, ტემბრი, წარმოთქმის მკაფიოობა, ინტონაცია, გამომხატველობითი მეტყველება, საერთო და წვრილი მოტორიკა (მოტორიკა, მიმიკა, პანტომიმიკა); ხდება აზროვნების, მეხსიერების სხვადასხვა ფორმის, ყურადღების, წარმოსახვის, დანახულის აღქმის, დამახსოვრებისა და მათი თანამიმდევრულად მეტყველებაში გადმოტანის თვისების ჩამოყალიბება, პასიური და აქტიური მარაგის გამდიდრება, მათი სწორი გრამატიკული ფორმით დალაგება და გამოყენების უნარის ჩამოყალიბება.

საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დროს ლოგოპედიური საქმიანობის დამწყებად მიიჩნევა ა. კაიშაური, ხოლო ლ-ის მეცნ. საფუძვლებზე დაყენება დაკავშირებულია გ. ახვლედიანის სახელთან. ამ პერიოდში მოქმედებდა 160-ზე მეტი ლოგოპედიური პუნქტი და კაბინეტი. სამეცნ.-კვლ. მუშაობა მიმდინარეობდა ი. გოგებაშვილის პედ. ინ-ტის დეფექტოლოგიის სექტორში.

ამჟამად ლოგოპედიურ საქმიანობას ეწევიან პედაგოგიკის სპეციალისტები. XX ს. უკანასკნელი ათწლეულების მიღწევებმა ბიოლოგიის, ემბრიოლოგიის, გენეტიკისა და იმუნოლოგიის დარგებში შესაძლებელი გახადა მეტყველების ნაკლოვანებათა ეტიოლოგიის უფრო ღრმად შესწავლა, რამაც დაადასტურა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორების გავლენა ენის/მეტყველების შეფერხების წარმოქმნაზე. ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა იწყება მუცლადყოფნის პერიოდიდან. თანამედროვე ლ. ორიენტირებულია შეისწავლოს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ონტოგენეზი მისი შეფერხების სხვადასხვა ფორმის დროს; განსაზღვროს შეფერხების გავრცელება, სიმპტომატიკა და გამოვლენის დონე. გამოამჟღავნოს და დაადგინოს ენობრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვის განვითარების დინამიკა და კავშირი ბავშვის ნეიროფსიქოლოგიურ, ემოციურ თუ ქცევით განვითარებასთან მიმართებით. ლ. ასევე შეისწავლის იმ ბავშვთა მეტყველების განვითარების თავისებურებებს, რ-თა შეფერხებასაც ბიოლოგიური საფუძველი გააჩნია; იკვლევს მეტყველების შეფერხების ეტიოლოგიას, მექანიზმებს, სტრუქტურასა და სიმპტომატიკას; სისტემაში მოჰყავს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის დარღვევები; შეიმუშავებს შეფერხების აღმოფხვრის პრინციპებს, დიფერენცირებულ მეთოდებსა და საშუალებებს; სრულყოფს მეტყველების პროფილაქტიკის მეთოდებსა და ლოგოპედიური დახმარების საორგანიზაციო საკითხებს. დასახული ამოცანების გადაწყვეტისათვის ლოგოპედი, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობაში რთავს იმ სპეციალისტებს, რ-ებიც სწავლობენ მეტყველების დარღვევებს და მის სახეებს.

თანამედროვე ლ. განიხილება, როგორც მეტყველების თერაპია, რაც ნიშნავს კომუნიკაციის პრობლემებისა და მეტყველების დარღვევების შეფასებასა და მკურნალობას. მას ასრულებენ მეტყველების ენის პათოლოგები (SLP), რ-ებსაც ხშირად „სიტყვით თერაპევტებს“ უწოდებენ. სიტყვის თერაპია მოიცავს სასახსრე თერაპიას, ენის ჩარევის აქტივობებსა და სხვ., რაც დამოკიდებულია სიტყვის ან ენის დარღვევის ტიპზე. მეტყველების თერაპია გამოიყენება იმ დარღვევებისთვის, რ-ებიც ვითარდება ბავშვებში ან მოზრდილებში და გამოწვეულია ტრავმით ან დაავადებით. მეტყველებისა და ენის რამდენიმე დარღვევის (არტიკულაციის, თავისუფლად მუშაობის, რეზონანსული, ექსპრესიული, კოგნიტურ-კომუნიკაციური დარღვევები, აფაზია, დიზართრია და სხვ.) დროს მკურნალობა შეიძლება ლოგოპედიით.

ლიტ.: ახვლედიანი გ., ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949; გაბაშვილი ზ., მეტყველების ანომალიები, წგ.: პედაგოგიური ფსიქოლოგია, ნაწ. 1, თბ., 1962; თაყაიშვილი რ., ენამოშლილობა და მისი სახეები, „სკოლა და ცხოვრება“, 1970, №7; კაიშაური ა., ლოგოპედია, წგ. 1, თბ., 1955; ლოგოპედიური მუშაობა სკოლაში, თბ., 1960; ქელბაქიანი ა., დიდაქტიკური სათამაშო სავარჯიშოების გამოყენება ლოგოპედიურ მუშაობაში, „დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა“, 1969, №4; Басова А. Г., Егоров С. Ф., История сурдопедагогики, М., 1984; Hоwell P., Recovery From Stuttering; NY., 2011.

რ. თაყაიშვილი