ლოიდ ჯორჯი (Lloyd George) დევიდ (17. I. 1863, მანჩესტერი, – 26. III. 1945, ქარნარვონშირი, უელსი), დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი (1916 წ. 7 დეკ. – 1922 წ. 22 ოქტ.), ლიბერალური პარტიის ლიდერი (1924-31). ოქსფორდის უნ-ტის სამართლის დოქტორი (1908).
1884 ლ. ჯ-ს ადვოკატის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1890 გახდა პარლამენტის წევრი. იყო ბურებთან ომის მოწინააღმდეგე. 1905–08 იყო ჩემპბელ-ბანერმანის კაბინეტში. 1908–15 – ბრიტანეთის ხაზინის უფროსი, 1916 – ომის მინისტრი. ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის დელეგაციას გერმანელებთან მოლაპარაკებისას. მანვე მოაწერა ხელი ვერსალის საზავო ხელშეკრულებას (1919).
საქართვფ. დემოკრ. რესპ. მთავრობა ბრიტანეთის მთავრობასთან კავშირის დამყარებას I მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ცდილობდა. 1919 ივნისში დიპლომატ დ. ღამბაშიძეს ლ. ჯ-თან ლონდონში ჰქონდა შეხვედრა, საუბარი შედგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ა. დენიკინის არმიის გამოლაშქრების შესახებ. მან ქართველ დიპლომატს პირობა მისცა, რომ, მოკავშირეების დახმარებით ა. დენიკინის შეტევა შეჩერდებოდა.
საქართვ. დემოკრ. რესპ-ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტსა და საზრუნავს საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშ. აღიარება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით შეხვდა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ე. გეგეჭკორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლ. ჯ-ს. 1921 წ. 26 იანვარს I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ მართლაც მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის ,,დე-იურედ“ აღიარება.
ლ. ჯ-მა ქვეყანაში თავისი პოლიტ. პოზიციების გამყარება 1918 ახალ არჩევნებში გამარჯვებით შეძლო. ლ. ჯ-ს მთავრობამ ძირითადი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე გადაიტანა. თავად პრემიერი კავკასიის საკითხების განხილვაში აქტიურად არ ერეოდა, რადგან მას რუსეთის შიდა საკითხად მიიჩნევდა. თანაც რუსეთი მრავალფეროვანი ნედლეულისა და დიდი გასაღების ბაზრის გამო, ბრიტანეთისათვის საინტერესო იყო. სწორედ ამან განაპირობა ბრიტანეთის შემდგომი საგარეო პოლიტიკა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ, ლ. ჯ-ის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორდი კერზონი საქართველოს მხარს უჭერდა. სწორედ მისი ინიციატივით 1919 ბრიტანეთის მთავარ კომისრად (Chief Comissioner) თბილისში ო. უორდროპი გამოაგზავნეს.
ბრიტანული საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირებისა და პრიორიტეტების კონკრეტული გამოვლინება იყო ლ. ჯ-ის დამოკიდებულება საქართვ. დემოკრ. რესპ-ის ერთა ლიგაში გაწევრიანებისადმი. 1920 წ. 16 დეკემბერს ინგლისის წარმომდგენელი მ. ფიშერი ამ საერთაშ. ორგანიზაციაში საქართვ. წევრად მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.
1922 წ. 20 ოქტ. სამთავრობო კოალიცია დაიშალა და ლ. ჯ. პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.
თხზ.: Военные мемуары, М., 1934; Правда о мирных договорах, М., 1957.
ლიტ.: გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №121, №141; გაზ. ,,ერთობა“, 1921, №4; გაჩეჩილაძე რ., საქართველო მსოფლიო კონტექსტში, თბ., 2013; მანველიშვილი ალ., რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, მთ. რედაქტორი რ. მეტრეველი, ნაწ. 2, თბ., 1998..
ი. ირემაძე