ლოლაძე ვახტანგ ვიქტორის ძე

ლოლაძე ვახტანგ ვიქტორის ძე (5. V. 1923, თბილისი, – 20. XI. 2006, იქვე). თეატრალური მოღვაწე, საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1979). ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას „საქართველოს დამოუკიდებლობა“, რისთვისაც 1939 მე-9 კლასის მოსწავლე დააპატიმრეს. 1950 დაამთავრა თეატრ. ინ-ტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა რესპ. მეთოდ-კაბინეტში კულტ.-საგანმან. მუშაობის მეთოდისტად (1950–55), ხალხური შემოქმედების რესპ. სახლში – თეატრალური განყ-ბის გამგედ (1955–60), კულტურის სამინისტროში – უფრ. ინსპექტორად (1960–63); იყო თოჯინების ქართული (1963–65), ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის (1965–67), რუსთავის (1967–69), მოზარდ მაყურებელთა ქართული (1969–80), მარჯანიშვილის (1980–83), მუსიკალური კომედიის (1983–85), გრიბოედოვის (1986–89) თეატრების დირექტორი. ავტორია ნაშრომებისა: „სერგეი მესხის ცხოვრება და თეატრალური მოღვაწეობა“ (შ. სალუქვაძესთან ერთად), „დავით რონდელი“, „ლეო ესაკია“, „არჩილ გომიაშვილი“, „ვასილ პიპინაშვილი“. ლ-ს ეკუთვნის არაერთი პიესის თარგმანი. რადიოსა და ტელევიზიაში მიჰყავდა გადაცემები ქართ. სცენის ოსტატებზე (გ. შავგულიძე, შ. ღამბაშიძე, გ. კუპრაშვილი და სხვ.).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).