ლოლუა ძუკუ (პორფილე) ბახვას ძე

ძ. ლოლუა

ლოლუა ძუკუ (პორფილე) ბახვას ძე (8. IV. 1877, სოფ. ქვალონი, ახლანდ. ხობის მუნიციპალიტეტი, – 9. VIII. 1924, თბილისი, 1958 გადაასვენეს ფოთში), მომღერალი, მგალობელი, ლოტბარი, პედაგოგი. დაიბადა და გაიზარდა ტრადიციულ მუს. ოჯახში (მამა – მომღერალი, დედა – მეჩონგურე). გალობა შეისწავლა სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლ დადიანთან. 1894-იდან იყო მედავითნე სოფ. კოკსა და ჭალადიდში. 1895-იდან გალობას ასწავლიდა ფოთის საეპარქიო სკოლაში. 1897–98 ლ-მ ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი და 1903-მდე კონცერტებს მართავდა დას. საქართველოს დაბებსა და ქალაქებში. 1903–19 მოღვაწეობდა სოხუმში. ლ-მ საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნების განვითარებას აფხაზეთში – დააარსა რამდენიმე გუნდი, აღადგინა მრავალი მეგრული ხალხ. სიმღერა.

ლ., 1918, თურქების ერთ-ერთი შემოსევის დროს, მეგრელ-აფხაზ მოხალისეთა 130-კაციანი რაზმით საქართვ. ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ჩავიდა ბათუმში. 1917 ლ. პირველად გამოვიდა კონცერტით თბილისში, შემდეგ იმოგზაურა აღმ. საქართველოში. 1921 განათლების კომისარიატმა ლ. სამეგრელოს სახ. მომღერალთა გუნდების მთავარ ინსტრუქტორად დანიშნა. ლ-მ ჩაიწერა, დაამუშავა და საგუნდო რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი აფხაზური, მეგრული და სხვა კუთხის სიმღერები. იყო ლოტბარი „დასავლეთ საქართველოს ხალხურ მომღერალთა ეთნოგრაფიული გუნდისა“, რ-საც შემდგომ ლ-ს სახელი მიენიჭა. მას სიცოცხლეშივე უწოდებდნენ მეგრული სიმღერის პატრიარქს. ხალხურ ჰანგებზე შექმნა სიმღერები: „მეგრული ურმული“, „მა დო ჩქიმი არაბა“, „მახა“ და სხვ. 2007 წ.  ხობში დაარსდა ლ-ს სახელობის ქართ. ხალხური სიმღერის მუზეუმი. მრავალმხრივი მოღვაწეობით ლ-მ დიდად შეუწყო ხელი მუს. ფოლკლორის განვითარებას საქართველოში.

ლიტ.: ძუკუ ლოლუა, წგ.: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, სამეგრელო, ტ. 1, თბ., 2007.

გ. ჩხიკვაძე

ნ. ნაკაშიძე