ლომინაძე ბესარიონ (ბესო) ბესარიონის ძე

ლომინაძე ბესარიონ (ბესო) ბესარიონის ძე (6. VI. 1897, ქუთაისი, – I. 1935, მაგნიტოგორსკი), საბჭოთა პარტიული მოღვაწე, საქ. კპ(ბ) ცკ პირველი მდივანი (1922–24). სწავლობდა პეტროგრადის პოლიტექ. ინ-ტის ეკონ. განყ-ბაზე. 1913-იდან მონაწილეობდა სტუდენტური სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში (ქუთაისი, პეტერბურგი). 1917-იდან მუშაობდა რსდმპ(ბ) პეტერბურგის კომიტეტის სამხედრო ორგანიზაციაში, იყო ქუთაისის პარტკომის მდივანი (1917). 1918–19 – თბილ. კომიტეტის თავ-რე, 1919–20 – რკპ (ბ) ბაქოს კომიტეტის წევრი, აზერბაიჯანის კომპარტიის ცკ პრეზიდიუმის წევრი, ბაქოს საბჭოს აღმასკომის წევრი, 1920–21 – რკპ (ბ) ორიოლის საგუბერნიო ბიუროს წევრი, 1921–22 – პეტროგრადის ვიბორგის რ-ნის პარტიული ორგანიზატორი. მონაწილეობდა კრონშტადტის აჯანყების ჩახშობაში. 1925–29 მუშაობდა კომინტერნში, იყო კომუნისტური ახალგაზრდული ინტერნაციონალის საბჭოს მდივანი (1925–26). ლ. იყო საკავშ. კპ(ბ) ამიერკავკ. სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი (1930), პარტიის X–XVII ყრილობების დელეგატი, 1925–30 – საკავშ. კპ(ბ) ცკ-ის წევრობის კანდიდატი, 1930 – წევრი.

ლ-მ პარტიის პოლიტიკის ღია კრიტიკა დაიწყო – 1930 ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი, რის გამოც თანამდებობიდან გადააყენეს. 1932 ლ-მ მონაწილეობა მიიღო მემარჯვენე – „მემარცხენეთა“ ჯგუფის ჩამოყალიბებაში. 1935 დაპატიმრების მუქარის გამო (მზადდებოდა „ტროცკი-ზინოვიევის ტერორისტული ცენტრის“ საკითხზე სასამართლო პროცესი) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი დროშის ორდენით.