ლომინაძე თამაზ არჩილის ძე (დ. 2 VII. 1934, თბილისი), გეოლოგი. მინერალური რესურსების საერთაშ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1997); გეოლ.-მინერალოგიის მეცნ. დოქტორი (1979), პროფესორი (1987). 1958 დაამთავრა სპი-ის სამთო-გეოლოგიური ფაკ-ტი სამთო ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1959–81 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პალეობიოლოგიის ინ-ტში. 1981 აირჩიეს სპი-ის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგედ (2010-იდან – სრული პროფესორი).
ლ. არის იურული ასაკის ფაუნისა და სტრატიგრაფიის აღიარებული მკვლევარი. კავკასიის იურულ ნალექებში აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ფაუნის შესწავლის საფუძველზე დაადგინა საერთაშ. სტრატიგრაფიული სქემის შუა და გვიანიურული ბიოსტრატონების არსებობა რეგიონში, დააზუსტა მათი საზღვრები, მოცულობა და შეადგინა ახალი დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების უნიფიცირებული სქემები, რ-ებიც შეუპირისპირა როგორც მომიჯნავე, ისე ევროპის ცალკეული რეგიონების სინქრონულ სქემებს. იურული ნალექების ზონური სტრატიგრაფიის დამუშავებას საფუძვლად დაედო თავფეხიანი მოლუსკების (ამონიტები) ახალი სისტემატიკა. ლ-მ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ამონიტების შესწავლა მასკანირებელი ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით და დაადგინა ნიჟარის ცალკეული სტრუქტურების ფორმირების თანამიმდევრობა, კორელაციური კავშირები და მათემატიკური სტატისტიკის მეთოდის გამოყენებით – მათი სისტემატიკური მნიშვნელობა სხვადასხვა ტაქსონომიური დონისთვის. ლ-ს ეკუთვნის ამონიტების ნიჟარის სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების კლასიფიკაცია. კოლეგებთან ერთად შეისწავლა მეზოზოური თავფეხიანი მოლუსკების პალეობიოგრაფია. სტრატიგრაფიისათვის მნიშვნელოვანი კალოვიური ამონიტების თითქმის ყველა ჯგუფი, შეადგინა პალეოგეოგრაფიული რუკები. რამდენიმე ქვეყნისა და საერთაშ. სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
ლ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიების ავტორი.
მიღებული აქვს ა. ჯანელიძის სახ. პრემია (1983) და ღირსების ორდენი (2013).
თხზ.: Келловейские макроцефалитиды Грузии и Северного Кавказа, Тб., 1967; Гектикоцератины Северного Кавказа, Тб., 1975; Келловейские аммонитиды Кавказа, Тб., 1982; New date on the jaw apparatus of fossil Cephalopoda/ Lethaia 1983, 16 (თანაავტ. Y. D. Zakharov); Стратиграфия юрских отношений Грузии, Тб., 2006 (თანაავტ.); Phylogeny and systematics of Perisphinctids as interpreted from suture ontogenies. Geobios M. S. 1993, 15 (თანაავტ. I. Kvantaliani, M. Sharikadze).