ლომისა

ლომისა, ლომისობა, წმინდა გიორგის სალოცავი მთიულეთში. ლ-ის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, სოფ. ქვემო მლეთის სამხრ-ით, შვიდიოდე კმ-ზე. მეორე – თავად სოფ. ქვემო მლეთაში. ლ-ს დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას. ამ დღეს მლოცველები მთელი აღმ. საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით ააბრძანებდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა საკლავ-საწირით. ლეგენდების თანახმად, ლ. გზოვანის წმ. გიორგია, რ-საც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა ლომისის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას, მტრებზე გამარჯვებას, ავადმყოფის მორჩენას. ლ-ს სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რ-იც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები – ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლ. მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და მათრახი უჭირავს ხელში, რ-ის დაკვრითაც წვავს ბოროტს.

ლ. გენეტიკურად უკავშირდება მონადირე, მხედარ ღვთაებას, რ-თა კულტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს გავრცელებული საქართველოში. ლ-ს კულტს სინკრეტიზაციის რთული გზა აქვს გავლილი და ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს დაუკავშირდა. წარმართობის ხანაში აქ მთვარის საკულტო ტაძარი უნდა ყოფილიყო, ქრისტიანობის მიღების შემდეგ კერპები დაუქცევიათ და მათ ადგილას წმ. გიორგის ტაძრები აუგიათ. ლ-ში ინახება საყელურიანი რკინის დიდი ჯაჭვი; მლოცველი ჯაჭვს კისერზე დაიდებდა და თხოვნა-ვედრებით 3-ჯერ ჩოქით უვლიდა ტაძარს. ეს ტრადიცია დღემდეა შემორჩენილი, განსაკუთრებით აქტუალურია ლომისობის დღეს.

ლიტ.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; მაკალათია ს., მთიულეთი, ტფ., 1930; Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.

ი. სურგულაძე