ლომიძე ანდრო იოსების ძე

ლომიძე ანდრო იოსების ძე (9. VII. 1907, ფოთი, – 23. IV. 1988, თბილისი), მწერალი. 1925-იდან მუშაობდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში. 1930 გამოაქვეყნა პირველი ლიტ.-კრიტ. წერილები, 1940 – პირველი მოთხრობა „სიცოცხლე“. 1942 გამოსცა მოთხრობებისა და ნოველების პირველი წიგნი „უძლეველი ძალა“. აღსანიშნავია მისი ნაწარმოებები: „ზღვაური“ (1947), „ზღვასა და ხმელეთზე“ (1958), „ელდარის მზე“ (1963), „რჩეული“ (1973), „ადამიანს სიცოცხლე სწყურია“ (1982), „სიმღერა სიყვარულისა“ (1985), „პატარა გმირი“ (1986), „აკაკი წერეთელი“ (1989) და სხვ. ლ. ქართ. მარინისტული პროზის წარმომადგენელია. მისი თხზულებები თარგმნილია რუს., ჩეხ., რუმინ. და სხვ. ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 2, თბ., 2013.