ლომიძე დავით კონსტანტინეს ძე

ლომიძე დავით კონსტანტინეს ძე (12. VIII. 1914, სოფ. საყულია, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპ., – 11. VI. 1990, თბილისი), ხმის რეჟისორი. საქართვ. კულტ. დამს. მუშაკი (1966). დაამთავრა სპი (1935). 1932-იდან მუშაობდა „სახკინმრეწვში“ (შემდგომში „ქართული ფილმი“). იყო 40-ზე მეტი მხატვრული ფილმის ხმის რეჟისორი: მ. შ. არის დ. რონდელის „არშაულა“ (1935), „დაკარგული სამოთხე“ (1937), „ჩრდილი გზაზე“ (1956), „მამლუქი“ (1958); ლ. ესაკიას „გლახის ნაამბობი“ (1961), ნ. სანიშვილის „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (1954), „აბეზარა“ (1956), „ქალის ტვირთი“ (1957), „შეწყვეტილი სიმღერა“ (1960), „თოჯინები იცინიან“ (1963); მ. ჭიაურელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1965); რ. ჩხეიძის „მაია წყნეთელი“ (1959), „ჯარისკაცის მამა“ (1964); „რერო“ მასპინძლობს“ (1971), „პეპელა“ (1977) და სხვ. ანიმაციური ფილმები: ვ. ბახტაძის „ხელმარჯვე ოსტატი – სპორტსმენი“ (1962), ა ხინთიბიძის „ქორბუდა“ (1963); ო. ანდრონიკაშვილის „ქოთნის დღეობა“ (1963), „ნარცისი“ (1964), კ. სულაკაურის „ძილისგუდა“ (1964), „ონავარი“ (1965), „ჩემო ტკბილო სალამურო“ (1965), „როცა ეშმაკი დირიჟორობს“ (1969), „მონადირე, ბიჭი და ძაღლი“ (1970) და სხვ.

მ. კერესელიძე