ლომიძე შოთა აბესალომის ძე (5. IX. 1918, თბილისი, – 12. VII. 2003, იქვე), ინჟინერ-მშენებელი. საქართვ. დამს. მოღვაწე (1975), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988), საქართვ. საინჟინრო აკად. ნამდვილი წევრი (1996), გამომგონებელი. II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე.
დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტის სამშ. ფაკ-ტი (1949); მუშაობდა ,,საქჩაის“ ტრესტში ინჟინრად, წყალტუბოს სამშენებლო სამმართველოსა (1950) და სოხუმის შუშის ქ-ნის მშენებლობაზე სამმართველოს უფროსად (1950–56). იყო სამშენებლო ტრესტ ,,ამიერკავკასმეტალურგმშენის“ რკინაბეტონის კომბინატის დირექტორი (1960–70); საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში (1970); საქართვ. სასოფლო მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე.
ლ-მ პირველმა დანერგა საქართველოში 9-მეტრიანი ღრუტანიანი ფილების გამოყენება სართულშორისი და სხვენის გადახურვებისათვის, ასევე შეიმუშავა დიდი დიამეტრის ბეტონის (500–2500 მმ) მილების უარმატუროდ დამზადების ტექნოლოგია არაწნევიანი მილსადენებისათვის. ლ. ხელმძღვანელობდა რიგი სამკურნ.-გამაჯანსაღებელი ობიექტების მშენებლობას; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კოროზიასთან ბრძოლაში: გამოიგონა და დანერგა გოგირდის ხსნარის გაცხელებულ მასაში რკინაბეტონის ნაკეთობების გაჟღენთის მეთოდი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).