ლომოური თამარ ნიკოლოზის ასული (28. IX. 1883, გორი, – 29. VIII. 1965, თბილისი), პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. დაამთავრა გორის ქალთა ოთხკლასიანი პროგიმნაზია, თბილ. ქალთა I გიმნაზია, (1904). 1906–10 სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის ბესტუჟევის ქალთა უმაღლესი კურსების ისტ.-ფილოლ. განყ-ბაზე მსოფლიო ისტორიის განხრით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შევიდა თბილ. ახალგახსნილ უნ-ტში, სადაც სწავლობდა საქართვ. და მახლობელი აღმ. (სომხ., სპარს., არაბ.) ისტორიასა და აღმ. ენებს. 1924, ივ. ჯავახიშვილის წარდგინებით, ლ. დაინიშნა უნ-ტის საისტორიო განყ-ბასთან დაარსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. 1926-იდან კითხულობდა ლექციებს პალეოგრაფიაში, ნუმიზმატიკისა და დიპლომატიკაში. 1932 დაამტკიცეს დოცენტად. 1931–52 იყო საქართვ. სახელმწ. მუზეუმის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, შემდეგ – ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე.
ლ-მ შექმნა ქართ. ნუმიზმატიკური ტერმინოლოგია, შეიმუშავა მონეტების კატალოგიზაციის სისტემა.
საქართველოში ნაპოვნი სასანური და არაბ. მონეტების განძების შესწავლის საფუძველზე ლ-მა პირველმა განიხილა სასანური და არაბული მონეტების მიმოქცევის, ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონ. ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხი; მოხაზა სასანური და არაბ. მონეტების გავრცელების სფერო ჩვენს ქვეყანაში; გამოამჟღავნა რამდენიმე ათეული მანამდე სრულებით უცნობი არაბ. დირჰემი; სპეციალური სამეცნ. შრომა უძღვნა შოთა რუსთაველის ეპოქის მონეტებს – პირველმა დასვა XI–XIII სს. საქართველოში უცხ. მონეტების მიმოქცევის საკითხი როგორც ფაქტობრივი მასალის, ასევე ქართული საისტორიო და ლიტ. ძეგლების ანალიზის საფუძველზე; შეისწავლა XIII ს. ქართ. მონეტები – ზოგიერთი კორექტივი შეიტანა მათი ზედწერილების წაკითხვასა და დათარიღებაში; დაადგინა ვახტანგ III-ის ტახტზე ასვლის თარიღი (1298/99); ივარაუდა საქართვ. მთიანეთში (ჟინვანი, სტეფანწმინდა) ზარაფხანის არსებობა. ლ-მა პირველმა მოჰკიდა ხელი საქართველოში აღმოჩენილი სელჩუკური და მონღოლური მონეტების განძების სისტემურ შესწავლას. დაადგინა რამდენიმე ახალი ზარაფხანის, მ. შ. ახალციხის ზარაფხანის არსებობის ფაქტი (XIII–XIV სს.); ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა ილხანების სახელით მოჭრილ საფასეებს; პირველმა წამოაყენა დებულება იმის შესახებ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული შეხედულება ე. წ. „გიორგაული თეთრის“ არსებობის შესახებ ბექა-აღბუღას კანონთა კოდექსის სათანადო ადგილის მცდარ ინტერპრეტაციაზე იყო აგებული; შეისწავლა საქართვ. ტერიტორიაზე გავრცელებული ჯუჩიდური მონეტები (სოფ. ალი, ხაშურის მუნიციპ.) და დაასაბუთა, რომ ამ ორ სახელმწიფოს, პოლიტ. მომენტების გარდა, მჭიდრო ეკონ. ურთიერთობაც აკავშირებდა; შეისწავლა გიორგი VII-ისა და აჰმედ ჯულაირის სახელით მოჭრილი მონეტები. ახსნა ზედწერილების შინაარსი, დაათარიღა ისინი ვიწრო ქრონოლ. ჩარჩოებით, ახსნა და დაასაბუთა ისტ. წანამძღვრები, რამაც მათი ემისია განაპირობა. დაასაბუთა XVI ს. დას. საქართველოში ქართ. მონეტების მოჭრის ფაქტი.
ლ-ს ეკუთვნის რამდენიმე ისტ. ხასიათის ნარკვევი, დავით და ბაგრატ ბატონიშვილების საისტ. თხზულებების კრიტ. გამოცემა; ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფია“. მონაწილეობდა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მომზადებასა და გამოცემაში.
თხზ.: თამარის ფულების განძი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1 ტფ., 1936; ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938; XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1940, ტ. 10B; ახალციხის ზარაფხანა, იქვე, 1944, ტ. 12 B; დავით VII-ის და ვახტანგ III-ის ფულები, იქვე, 1948, ტ. 15B; პატარა ჯიხაიშში აღმოჩენილი XVI ს. განძის გამო, იქვე, 1959; ტ. 17B; ფულის მიმოქცევის საკითხისათვის შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2005.
ლიტ.: დუნდუა გ., თამარ ნიკოლოზის ასული ლომოური, „ძეგლის მეგობარი“, 1970, №23.
გ. დუნდუა