ლომოური ნიკო იოსების ძე

ნ. ლომოური

ლომოური ნიკო იოსების ძე [7 (19) II. 1852, სოფ. არბო, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 17(30). IV. 1915, გორი], მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. გორის სას. სასწავლებლისა და თბილ. სას. სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა კიევის სას. აკადემიაში (1875–79). ერთხანს მასწავლებლობდა თბილ. ქართ. გიმნაზიაში, 1881-იდან კი – გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში. მისი პირველი ლექსები 1871 ჟურნ. „მნათობში“ გამოქვეყნდა. 1885 ლ-ის ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნად გამოიცა. პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რ-მაც განსაზღვრა მწერლის შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრ. „ალი“ (1878, გამოქვეყნდა ჟურნ. „ივერიაში“ 1879).

ლ-ის შემოქმედება ქართვ. „სამოციანელთა“, განსაკუთრებით კი ი. ჭავჭავაძის ნააზრევის ზეგავლენით განვითარდა. მისი მოთხრობების მთავარი თემაა ბატონყმობის გადავარდნის შემდეგდროინდელი ქართ. სოფლის ყოფა სავაჭრო ბურჟუაზიის აღმავლობისა და სამრეწვ. კაპიტალიზმის განვითარების დროს. ხალხოსანთა მსგავსად, ლ. გლეხობის მძიმე ხვედრის მემატიანე იყო, თუმცა, მათგან განსხვავებით, იდეალად არ ჰქონდა დასახული თემური წყობილება (მოთხრ. „ბერუა ქრისტესიაშვილი“, 1904). ხალხის ცხოვრების გარდაქმნის მთავარ ფაქტორად მწერალს სწავლა-განათლება მიაჩნდა (მოთხრობები „ალი“, „ქაჯანა“, 1881; „პაწია მეგობრები“, 1906 და სხვ.). ლ. აღწერდა გლეხების სტიქიური პროტესტის უნაყოფობას, მათ დამრაზმავ ძალად ხალხის წიაღიდან გამოსული განათლებული ადამიანები ესახებოდა (მოთხრობები „ბედი უბედურთა“, 1880; „გიგო ღრუბელაშვილი“, 1894).

ლ-ს ეკუთვნის აგრეთვე ისტ. მოთხრობები, რ-ებიც გვიჩვენებს ჩვენი წინაპრების თავდადებას („წინაპართა აჩრდილნი“; 1902; „ხერხი სჯობია ღონესა“, 1914), პუბლიც. და ლიტ.-კრიტ. წერილები, ლექსები და სხვ. მწერლის შემოქმედება ხასიათდება ლაკონიური სტილით, დახვეწილი ენით, პერსონაჟთა და სიტუაციათა ოსტატური გამოსახვით.

ლ-ის ფსევდონიმები იყო „ლევან ცაველი“, „არბოელი“, „გორელი“ და სხვ.

თხზ.: მოთხრობები, ვ. კოტეტიშვილის წინასიტყვ. ტფ., 1926; ქაჯანა, თბ., 1986; თხზულებანი ორ ტომად, ს. ხუციშვილის რედ. წინასიტყვ. და შენიშვნებით, ტ. 1, თბ., 1963; პაწია მეგობრები. მოთხრობები, თბ., 1990; პუბლიცისტური წერილები, თბ., 2002.

ლიტ.: ბერაძე ი., ნიკო ლომოური, თბ., 2002; ბოცვაძე ი., ნიკო ლომოური, თბ. 1966; ზანდუკელი მ., ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 3, თბ., 1955; მდივანი თ., ნიკო ლომოური, თბ., 1999; ქარელიშვილი ე., ნიკო ლომოური, თბ., 1948.

ს. ხუციშვილი