ლომსაძე შოთა ვასილის ძე

შ. ლომსაძე 

ლომსაძე შოთა ვასილის ძე (7. V. 1925, სოფ. ჩუნჩხა, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 12. XII. 2003, თბილისი). ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1974), პროფესორი (1976). მონაწილეობდა II მსოფლიო (1939–45) ომში. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1950). 1957-იდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმში წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ ახალი ისტორიის განყ-ბის გამგედ. მისი ხელმძღვანელობით მუზეუმში შეიქმნა საქართვ. უახლესი ისტორიის ამსახველი საფონდო და სამეცნ. ბაზა.

ლ. იკვლევდა შუა საუკუნეების მესხეთის ისტორიას. თავის ფუნდამენტურ ნაშრომებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ არქივებში მოძიებული დიდძალი მასალის კრიტ. ანალიზის გზით დაამტკიცა მესხეთის მაჰმადიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქართული წარმომავლობა, მცდარი ტერმინის – „მესხეთ-ჯავახეთის“ ნაცვლად დაამკვიდრა ტერმინი „სამცხე-ჯავახეთი“. ლ-მ შეისწავლა ი. გვარამაძის, მ. თამარაშვილის, პ. ხარისჭირაშვილის და სხვათა ბიოგრაფიები. 1988 დაასრულა თხუთმეტწლიანი გამოკვლევა „სამცხე-ჯავახეთის“ მე-2 ტომი, რ-ის გამომცემლობაში ჩაბარებული ხელნაწერის ერთადერთი ეგზემპლარი ხანძარმა გაანადგურა.

ლ-ს ეკუთვნის აგრეთვე პოეტური კრებულები: „მესხეთის ბუხრები“, „დაკარგული რაფსოდიები“, „ჯავახური ქრონიკები“, „ჟამთა მორევში“, „ჩემი სამართალი“.

თხზ.: მიხეილ თამარაშვილი, თბ., 1964; სამცხე-ჯავახეთი: XVIII ს. შუა წლებიდან XIX ს. შუა წლებამდე, თბ., 1975; გვიანი შუა საუკუნეების ისტორიიდან, თბ., 1979; მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984; მესხები და მესხეთი, თბ., 2000.

ლიტ.: ბურჯანაძე ლ., შოთა ლომსაძე – სამცხე-ჯავახეთის მემატიანე, თბ., 2006.

უ. ბლუაშვილი