ლოპოტის ხევი, ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალური ხანის კახეთში, ისტორიული თემი. ტერიტორიულად თავსდება ახლანდ. თელავის მუნიციპ-ში. ლ. ხ. და მისი მიმდებარე მთები ბუნებრივად დაცული და ძნელად მისავალი მხარე იყო, ამიტომ მტრის შემოსევის დროს კახეთის მოსახლ. ნაწილი აქ იხიზნებოდა. ლ. ხ-ის ცენტრი იყო ლოპოტის ციხე (შემორჩენილია ნანგრევები მდ-ების – გონჯასხევისა და ლოპოტის შესაყარში), რ-საც V ს. II ნახ-ში თავი შეაფარა მეფე ვახტანგ გორგასლის ძემ დაჩიმ. VI ს-ში ლ. ხ-ის მოსახლეობაში ქრისტიანობას ქადაგებდა ანტონ მარტყოფელი. VIII ს. დასაწყისში ლ. ხ. დაარბია არაბმა სარდალმა მარვან II იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ), მაგრამ ლოპოტის ციხის აღება ვერ მოახერხა.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვახუშტი, აღწერა სამეფოოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
დ. მუსხელიშვილი