ლორე

ლორე, ლორი, ციხე-ქალაქი და ისტორიული მხარე ტაშირში (ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე შუა საუკუნეების აღმ. საქართველოში; ახლანდ. სომხეთის რესპ-ის ლორის რ-ნი.). ქალაქის ნანგრევები შემორჩენილია ქ. სტეფანავანთან. დაარსდა XI ს-ში. 1065-იდან კვირიკიდების დინასტიის მიერ ჩამოყალიბებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი მდებარეობდა მაღალ სამკუთხა პლატოზე. ორი მხრიდან ხეობები იცავდა, მესამე მხრიდან – ციხესიმაგრეთა კედლების სისტემა. 1118 მეფე დავით IV აღმაშენებელმა ლ. მიმდებარე ტერიტორიებითურთ საქართვ. სახელმწიფოს დაუბრუნა. განსაკუთრებული სამხ. მნიშვნელობის გამო იგი საქართვ. ამირსპასალართა სადგომი პუნქტი გახდა. განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში მთელ ტაშირს ლ. ეწოდა. 1177 ლ. მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული ივანე ორბელისა და დემნა უფლისწულის უკანასკნელი საყრდენი პუნქტი იყო. აჯანყების ჩახშობის შემდეგ ქალაქი ამირსპასალარ ყუბასარს გადაეცა. 1186-იდან ლ. საქართვ. სანაპირო საერისთავოს ცენტრი იყო. მხარგრძელთა მმართველობის დროს ქალაქი აყვავდა: აშენდა სასახლეები, ეკლესიები, ხიდები. 1236 ლ. მონღოლებმა აიღეს და სასტიკად დაარბიეს. XIV–XV სს-ში ქალაქს ციხესიმაგრის ფუნქციაღა შერჩა. XVI–XVIII სს-ში ლ. საბოლოოდ დააკნინა ირანელთა და ოსმალთა ლაშქრობებმა (იხ. აგრეთვე სტ. ლორის მაზრა).

დ. ბერძენიშვილი