ლორთქიფანიძე გრიგოლ (გიგა) დავითის ძე (19. X. 1927, თბილისი, – 13. VI. 2013, იქვე), თეატრისა და კინოს რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. (1970) და სსრკ (1979) სახ. არტისტი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. (1985), სტალინური (1981), კ. მარჯანიშვილის სახ. (1977) პრემიების ლაურეატი. 1944–45 სწავლობდა თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტზე (გ. ტოვსტონოგოვის ჯგუფი). 1950 დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტი. 1950–51 სპექტაკლებს დგამდა ვილნიუსის რუს. დრამ. და კაუნასის მუს.-დრამ. თეატრებში. 1950–52 მუშაობდა თბილისში თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგად, პარალელურად დგამდა სპექტაკლებს გორის თეატრში. 1954–56 იყო ქუთ. ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მთ. რეჟისორი, 1952–54, 1957–63, 1965–67 – კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის რეჟისორი, მთ. რეჟისორი და დირექტორი; 1963–65 – გრიბოედოვის სახ. რუს. თეატრის მთ. რეჟისორი.
ლ-ის ინიციატივით დაარსდა რუსთავის თეატრი (1967), რ-საც 1976-მდე ხელმძღვანელობდა. 1976–80 იყო მარჯანიშვილის თეატრის, ხოლო 1984–86 – საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სახელმწ. კომიტეტის სამხატვრო ხელმძღვ., 1985–2010 – საქართვ. თეატრ. საზ-ბის თავ-რე, 1985-იდან – მუსკომედიის თეატრის სამხატვრო ხელმძღვ. 1999–2003 – თეატრისა და კინოს სახელმწ. უნ-ტის რექტორი.
ლ-ის დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში – კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, ს. კლდიაშვილის „დაბრუნება“, ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“, პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“; მუსკომედიის თეატრში – ჯ. შოკისა და ჯ. სტაინის „მევიოლინე სახურავზე“; რუსთავის თეატრში – ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“, ვ. კოროსტილიოვის „ასი წლის შემდეგ“, მ. გორკის „ფსკერზე“ (ნ. გაჩავასთან ერთად); ქუთაისის თეატრში – კ. ტრენიოვის „ლუბოვ იაროვაია“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“, უ. შექსპირის „ოტელო“; გორის თეატრში – შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“; მოსკოვის თეატრებში: „სოვრემენნიკში“ – „მეხუთე კოლონა“ (ე. ჰემინგუეის მიხედვით); „მალაია ბრონნაიაზე“ – ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“; მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა თეატრში – ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მასვე ეკუთვნის ოპერისა და ბალეტის თეატრში განხორციელებული დადგმები – ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ და ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“; ჯ. ვერდის „აიდა“ (ბათუმის საოპერო თეატრი); ბოლო სპექტაკლი, ო. ჭილაძის „წათეს წითელი წაღები“, დადგა რუსთაველის თეატრში.
ლ-ის დადგმები გამოირჩეოდა მასშტაბურობით, მძაფრი რიტმის, იუმორისა და თანამედროვეობის გამახვილებული შეგრძნებით.
წარმატებული აღმოჩნდა ჭ. ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეკრანიზაცია (გ. გაბესკირიასთან ერთად; 1976–77), რისთვისაც ლ-ს მიენიჭა სტალინური პრემია (1981), კინოფილმისათვის „წიგნი ფიცისა“ კი – შოთა რუსთაველის სახ. პრემია (1985). გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „წინაპართა მიწა“ (გ. ჭოხონელიძესთან ერთად, 1978), „ერთ პატარა ქალაქში“ (1986), „თეთრი ბაირაღები“ (1990), „პრემიერა“ (1992). არის არაერთი ფილმის სცენარის ავტორი. იყო საქართვ. სახელმწ. საბჭოს წევრი და პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, თბილ. საპატიო მოქალაქე (1996). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). 2013 რუსთავის თეატრს ლ-ის სახელი მიენიჭა, ხოლო თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. ლ. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თ. კახიანი