ლორთქიფანიძე გურამ კონსტანტინეს ძე (6. V. 1930, თბილისი, – 6. I. 2008, იქვე), კინომსახიობი, რეჟისორი. საქართვ. დამს. არტისტი (1980). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1955) და სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (1969). წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად. სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „შეწყვეტილი სიმღერა“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1960), ხოლო პოპულარობა მოუტანა აგული ერისთავის როლმა ფილმში „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (რეჟ. ე. შენგელაია, 1968; იმავე წელს ამიერკავკასიისა და უკრაინის ზონალური კინოფესტივალის პრიზი „ორფეოსი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, კიევი). განასახიერა ეპიზოდური როლები ფილმებში: „პირველი მერცხალი“ (ბეჟანი; რეჟ. ნ. მჭედლიძე, 1975), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (გურამი; რეჟ. ყ. მგელაძე, 1976), „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (ვანო; 1977), „წერილები ბამიდან“ (1980), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (1990, სამივეს რეჟ. თ. ფალავანდიშვილი). „სკაპენის ოინები“ (სილვესტერი; რეჟ-ები: გ. და მ. კალატოზიშვილები, 1984), „ზღვის მაშვრალნი“ (ტანგრეი; რეჟ-ები: ე. სეშანი, გ. გაბესკირია, 1986), „ლეონარდო“ (ტატო; რეჟ. დ. ნაცვლიშვილი, 1993), „მორევი“ (რეჟ. რ. გიორგობიანი, 1996), „ჩემი ძვირფასი, სანტრელი ბაბუ“ (ლავრენტი; რეჟ. პ. ჩარკვიანი, 1998) და სხვ.
ლ. განსაკუთრებული ოსტატობით ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს და ქმნიდა დაუვიწყარ სახეებს. პიროვნული ღირსებების გამო მიჩნეული იყო ქ. თბილისის კოლორიტად.
მ. კერესელიძე