ლორთქიფანიძე ელგუჯა გედეონის ძე (14. III. 1904, სოფ. ჩუნეთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 13. VIII. 1939), მსახიობი. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თსუ-ში, 1924–26 – დრამატულ სტუდიაში ა. ფაღავას ხელმძღვანელობით. სტუდიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რუსთაველის თეატრში. მისი შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პოჭინია (ნ. შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“), ოფიცერი (ჯ. რიდის „ათი დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“), მოამბე, ქისტი (გ. რობაქიძის „ლამარა“), რაინდი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), საბა (ა. მაშაშვილის „განგაში“), სოთრანი (შ. დადიანის „თეთნულდი“), კარლ მოორი (ფ. შილერის „ყაჩაღები“) და სხვ. ლ-მ თარგმნა რუსთაველის თეატრში დადგმული პიესები: ა. კოჩერგას „მაისტერი“ („ქათამი და მესაათე“) და ა. კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“. 1936 დააპატიმრეს რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად. ემსხვერპლა საბჭოთა რეპრესიებს.