ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე

ი. ლორთქიფანიძე

ლორთქიფანიძე იასონ მერაბის ძე [6 (19).III. 1866, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – VII. 1949, თბილისი],  იურისტი, ფინანსისტი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზ. მოღვაწე, ედპ-ის წევრი, მწერალ ნ. ლორთქიფანიძის ძმა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1884), პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1889). მუშაობდა კავკავის, განჯისა და თბილ. ბანკებში. მონაწილეობდა ნ. ბარათაშვილის საფლავის მოძიებასა და მისი ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებაში (1893). 1892–1917 იყო კავკავის ქართ. სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავ-რე, 1917–21 – თბილისის უნ-ტის აღმშენებელი კომიტეტის წევრი და მისი საფინანსო ნაწილის გამგე, საქართვ. სახელმწ. ბანკის პირველი მმართველი (1920–23), 1921–23 წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მთავარი კომიტეტის თავ-რე. 1927-იდან აკრძალული ჰქონდა ფინანსური საქმიანობა. დაიწყო საისტორიო კვლევა. 1937-იდან მუშაობდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში უფრ. მეცნიერ თანამშრომლად. აქვეყნებდა საქართვ. ისტორიის წყაროებს.

თხზ.: ქვემო ქართლი XVIII ს. პირველ მეოთხედში, ნაწ. 1–2, თბ., 1935; ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938; მოსკოვის და პეტერბურგის „უწყებათა“ 1762–67 წლების ცნობები ქართველების და საქართველოს შესახებ, „ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1940, ტ. 10; მასალები საქართველოს ისტორიისათვის (XVIII ს.), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1941, ნაკვ. 2.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018.

დ. მეგრელაძე