ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე

ლორთქიფანიძე ივანე ნესტორის ძე (1890, ქუთაისი, – 1937, თბილისი), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი. დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია (1909) და ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (1914). 1914-იდან ეწეოდა საექიმო-პრაქტ., საზ. და პოლიტ. მოღვაწეობას. 1915-იდან იყო ესერთა (სოციალისტ-რევოლუციონერთა) პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პარტიის ცენტრ. კომიტეტისა და საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი (1917–18). ეროვნ. საბჭოს 1918 წ. 26 მაისის საგანგებო ყრილობაზე ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს; საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის წევრი – გზათა მიმოსვლის მინისტრი (1918–21). ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ, ლ. აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში – იყო საქართვ. მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციის იატაკქვეშა ცენტრ. კომიტეტის თავ-რის მოადგილე, საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე „პარიტეტული კომიტეტი“) წევრი (1922–23). 1923 დეკ. დააპატიმრა საქ. სსრ „საგანგებო კომისიამ“ (ე. წ. „ჩეკა“). განთავისუფლების შემდეგ (1925-იდან) ეწეოდა საექიმო-პრაქტ. საქმიანობას. საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

ლიტ.: საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა 1925 წ.).

ლ. ურუშაძე