ლორთქიფანიძე კონსტანტინე ალექსანდრეს ძე [25. XII. 1904 (7. I. 1905), სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 30. VII. 1986, თბილისი], მწერალი. რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971). დაამთავრა ქუთ. ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1924). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, 1942–44 იყო ფრონტის გაზეთების სამხ. კორესპონდენტი. რედაქტორობდა ჟურნალებს „ლიტერატურნაია გრუზია“ (1956–62) და „ცისკარს“ (1962–66), ალმანახ „საუნჯეს“ (1974–76), იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1977-იდან – ალმანახ „განთიადის“ მთ. რედაქტორი. პირველი ლექსი 1924 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული – 1926. მის ნაწარმოებებში (მოთხრობები, პიესები, ლექსები) ასახულია ახ. ცხოვრების დამკვიდრების მეტად რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე ვითარება. ეს თემა განავითარა მწერალმა რომან „კოლხეთის ცისკარში“ (1951; თავდაპირველი სახელწოდება „ძირს სიმინდის რესპუბლიკა“, 1931), რ-იც სოციალ. რეალიზმის ერთ-ერთი საეტაპო ნაწარმოებია. შექმნა ქართ. პროზაში ამ რთული პერიოდისათვის დამახასიათებელ პერსონაჟთა სახეები; წარმოაჩინა XX ს. 20-იანი წლების სოც. ძალთა დაპირისპირება სოფლად და პერსონაჟთა კოლორიტული გალერეა.
1936–38 შეიქმნა ლ-ის კრებ. „ბელორუსული მოთხრობები“ („ფუნდუკში“, „ცხენი“, „ისევ ცხენი“, „უკვდავება“), რ-იც ერთიან სიუჟეტზეა აგებული და ასახავს ბელორუსი ხალხის ბრძოლას სამოქალაქო ომის წლებში. მწერლის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა II მსოფლიო ომის თემას, რ-საც მიუძღვნა მრავალი მოთხრობა და ნოველა: „როგორ მოკვდა მოხუცი მებადური“ (1942), „მწვანე ღილი“ (1949), „ცაბუნია“ (1962), „უტყუარი მოთხრობები“ (1944–66) და სხვ.
ლ. ავტორია კინოსცენარებისა ფილმებისათვის: „მეგობრობა“ (1941, თანაავტ. ი. მოსაშვილი), „ჩრდილი გზაზე“ (1957), „შეწყვეტილი სიმღერა“ (1960). მწერლის ლიტ. და პუბლიც. წერილები თავმოყრილია წიგნში „ერთი კარგი წელიწადი“ (1970). თარგმნა სომხ. ხალხური საგმიროეპოსი „დავით სასუნელი“, ა. მიცკევიჩის, ი. ფრანკოს, ტ. შევჩენკოს, ვ. მაიაკოვსკის, მ. რილსკის, მ. ბაჟანის, ა. სურკოვის, ა. ისააკიანისა და სხვათა თხზულებები. ლ-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: რჩეული თხზულებანი, ტ. 1–5, თბ., 1977–79; რა მოხდა აბაშაში, თბ., 1977; რჩეული (ორ ტომად), თბ., 2005.
ლიტ.: თევზაძე დ., კონსტანტინე ლორთქიფანიძე, თბ., 1969; იმედაშვილი კ., ადამიანი და დრო, თბ., 1967; კალანდაძე ლ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1972; მერკვილაძე გ., რომანი და ეპოქა, თბ., 1973; მწერალთა ავტობიოგრაფიები, წგ. 2, თბ., 2013.
დ. თევზაძე