ლორთქიფანიძე კონსტანტინე ტარიელის ძე

ლორთქიფანიძე კონსტანტინე ტარიელის  ძე (28. X. 1865, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 26. VIII. 1939, თბილისი), თერაპევტი. 1893 დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სოფ. დიდ ჯიხაიშში, შემდეგ კი  ნუხაში, ბაქოში და სხვ. 1918 იყო თბილ. მიხეილის საავადმყოფოს თერაპიული განყ-ბის გამგე, 1919-იდან კი – ქალაქის I საავადმყოფოს მთ. ექიმი.

იკვლევდა მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის, მალარიის, ღვიძლის აბსცესის, აორტის ანევრიზმის, კუჭის სეკრეციის მოშლის, კურორტოთერაპიისა და სხვ. საკითხებს.

ლ-მ, პირველმა შემოიღო ამიერკავკასიაში, ტუბერკულოზით დაავადებულთა ხელოვნური პნევმოთორაქსით მკურნალობის მეთოდები.

თხზ.: ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის შესახებ ხელოვნური პნევმოთორაქსით, „საქართველოს ჯანსახკომის მოამბე“, 1924,№6.

ლიტ.: წულუკიძე ა., მე-19 საუკუნის ქართველი ექიმები, თბ., 1961.