ლორთქიფანიძე მარიამ დავითის ასული (28. VIII. 1922, თბილისი, – 8. I. 2018, იქვე), ისტორიკოსი. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1993; წ.-კ. 1983), ისტორიის მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1976), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1943). 1947-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის მეცნიერ თანამშრომლად, 1948-იდან – თსუ-ში. 1972–97 იყო საქართვ. ისტ. კათედრის გამგე. იკვლევდა შუა საუკუნეების საქართვ. სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის, გლეხობისა და ქართ. ისტ. აზროვნების საკითხებს; საქართვ. ურთიერთობას სომხეთთან, ახლო აღმ. ქვეყნებთან; ეწეოდა ისტორიოგრაფიული ხასიათის მუშაობას; რუსულად თარგმნა ქართ. საისტორიო მწერლობის ძეგლები („მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“). დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალგაზრდა მეცნიერთა აღზრდაში. იგი აქტიურად იცავდა საქართვ. ისტორიას გამყალბებლებისგან. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თბილ. ისტორიის შესწავლაში. იყო თბილისის საპატიო მოქალაქე (1988). ლ-ს მიღებული აქვს ქართ. მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმ. გიორგის ოქროს ორდენი (2009).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; ადრეფეოდალური ხანის ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1966; რუსთაველის ეპოქა, თბ., 1966; ქართლი V ს. II ნახევარში, თბ., 1979; რა არის „ქართლის ცხოვრება“, თბ., 1989; აფხაზები და აფხაზეთი (ქართულად, რუსულად, ინგლისურად), თბ., 1990; საქართველოს ისტორია, მთ. რედ., თბ., 2006 (თანაავტ.); История Грузии XI – нач. XIII вв., Тб., 1974.
ლიტ.: მეტრეველი რ., მარიამ ლორთქიფანიძე, თბ., 2012.
რ. მეტრეველი