ლორთქიფანიძე ნიკოლოზ გიორგის ძე

ლორთქიფანიძე ნიკოლოზ გიორგის ძე (19. VII. 1901, ქუთაისი, – 14. XII. 1981, თბილისი), პედაგოგი, ბიბლიოგრაფი. თბილ. ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის გამგე, დოცენტი, საქ. სსრ დამს. ბიბლიოთეკარი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1925), პარალელურად მუშაობდა წითელი არმიის ქართ. დივიზიის ცენტრ. ბ-კაში. 1924-იდან, ჯერ კიდევ სტუდენტი, კითხულობდა ლექციებს პირველ საბიბლიოთეკო კურსებზე.

1925-იდან მუშაობდა საქართვ. წიგნის პალატაში რედაქტორ-ინდექსატორად (მისი რედაქციით გამოვიდა პირველი ქართ. გამოცემა „წიგნის მატიანე“), 1929–38 იყო საქართვ. რევ. მუზეუმის სამეცნ. ბ-კის გამგე, 1938-42 – საქ. სსრ სახელმწ. რესპ. ბ-კის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კაბინეტის გამგე, პარალელურად – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში, 1954-იდან – ა. პუშკინის სახელმწ. პედ. ინ-ტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის დოცენტი, 1961–74 – კათედრის გამგე. მან დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებას. ლ-ის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საჯარო ბ-კის სტრუქტურა, პირველად მოაწყო წიგნის დამუშავების პროცესის ქრონომეტრაჟული გამოკვლევა, სათავე დაუდო საბიბლიოთეკო პროცესების ნორმირებას; მის წიგნებს: („ბიბლიოგრაფიული კლასიფიკაციის სისტემები სსრ კავშირში“, „საბიბლიოთეკო კატალოგების ორგანიზაცია“ და „ბეჭდური გრაფიკის კატალოგიზება“) წლების განმავლობაში იყენებდნენ სახელმძღვანელოდ საბიბლიოთეკო სისტემაში.

ლ. თაქთაქიშვილი