ლორთქიფანიძე ოთარ დავითის ძე (30. X. 1930, თბილისი, – 18. V. 2002, ბორჯომი), ისტორიკოსი, არქეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (2001; 1997-იდან წ.-კორ.), ისტ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1967), სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი საქართ. ისტორიის სპეციალობით (1953). 1955 უნ-ტმა ლ. მიავლინა ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) უნ-ტის ანტიკური ისტ. კათედრაზე. 1957-იდან ლ. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში. 1960-იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; მონაწილეობდა მცხეთის, ხოვლეს, ვანის, ბიჭვინთის, სოხუმის, ბათუმის, ფოთის, ქუთაისის, მირმეკიონისა და ილურატის (ყირიმი) საველე-არქეოლოგიურ სამუშაოებში, 1966-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი ხელმძღვანელობდა ვანის არქეოლ. გათხრებს. 1972 დაინიშნა ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტის დირექტორის მოადგილედ სამეცნ. ნაწილში. 1977 ლ-მ ჩამოაყალიბა არქეოლ. კვლევის ცენტრი, რ-ის უცვლელი დირექტორი იყო გარდაცვალებამდე.
ლ. მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. მონოგრაფიების ავტორია, რ-ებშიც განხილულია საქართვ. და ძვ. სამყაროს არქეოლ. და ისტორიის საკითხები – ქართ. სახელმწიფოებრიობისა და ცივილიზაციის გენეზისი, ბერძნ. კოლონიზაცია შავიზღვისპირეთში, ელინიზმი, კოლხეთისა და იბერიის ურთიერთობა ანტიკურ სამყაროსთან, კოლხეთის რელიგია და ა. შ. ნაშრომები გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყანაში. მისი რედაქტორობით გამოვიდა მრავალი კრებული; იყო არაერთი საერთაშ. გამოფენის ორგანიზატორი. ლ-ს კონცეფციით შეიქმნა ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის არქეოლ. გამოფენა და ვანის არქეოლ. მუზეუმი, საფუძველი ჩაეყარა რეგულარულ საერთაშ. სიმპოზიუმებს შავიზღვისპირეთის ისტ. და არქეოლ. (1977-იდან წყალტუბო–ვანი), ასევე ქართლის სამეფოს (კავკასიის იბერიის) ისტორიის (1997-იდან) საკითხებზე. ლექციებს კითხულობდა ევროპისა და აშშ-ის უნ-ტებში. არჩეული იყო გერმანიის არქეოლ. ინ-ტის წ.-კორესპონდენტად, კლასიკური არქეოლ. საერთაშ. ასოციაციის ნამდვილ წევრად, ესპანეთის საისტორიო მეცნ. სამეფო აკადემიის წ.-კორ-ად, პოლონეთის არქეოლ. სამეცნ. საზ-ბის წევრად, კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის საერთაშ. სამეცნ. კომიტეტის, აგრეთვე სამეცნ. ჟურნალების – „შავი ზღვა“ (რომი), „კოლოქვია პონტიკა“ (ოქსფორდი) და სხვა საერთაშ. სარედაქციო საბჭოების წევრად. იყო ვანის საპატიო მოქალაქე. მისი სახელი მიენიჭა ვანის არქეოლ. მუზეუმს და ქუჩას, აგრეთვე საქართვ. ეროვნ. მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ არქეოლ. კვლევის ცენტრს.
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999) და ჰუმბოლდტის პრემია (2000).
საუბრობს ოთარ ლორთქიფანიძე. ჩაწერილია 1967 წელს: https://www.youtube.com/watch?v=6Mh6FdFIdOQ
ლიტ.: ოთარ ლორთქიფანიძე – სამეცნიერო მოღვაწეობის გზა, ძიებანი თბ., 2001 (დამატებანი, IV).