ლორთქიფანიძე რევაზ თეიმურაზის ძე (დ. 7. I. 1965, ბათუმი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1999). საერთაშ. მეცნ. აკადემიების წევრი. 1986 დაამთავრა თსუ-ის საინჟინრო-ეკონ. ფაკ-ტი. 1986–93 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1993–98 – აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, 2001–09 – საქართვ. ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში (ახლანდ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტრო). 2001-იდან პარალელურად იყო პროფესორი თსუ-სა და სტუ-ში; 2010-იდან სასწ. უნივერსიტეტ „გეომედის“ პროფესორი და ჯანდაცვისა და ეკონომიკის ფაკ-ტის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
ლ. არის სამეცნ. ნაშრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი. მისი სამეცნ. კვლევები ეხება საერთაშ. კონკურენციისა და მართვის საფუძვლების საკითხებს, სავალუტო სისტემის სრულყოფის მექანიზმებს.
თხზ.: ეკონომიკურ-სტრუქტურული პრობლემატიკა და მრეწველობის ძირითადი საწარმოო კაპიტალის ეფექტიანობა (საქართველო და მისი სამხრეთ-დასავლეთი: აჭარა), ბათ., 1992; ეკონომიკის სტრუქტურული ძვრების სტიმულირების თეორია (რეგიონალური ასპექტი), ბათ., 1997; ეკონომიკური ზრდის ქრისტიანული, პოლიტიკური და თეორიული საფუძვლების შესახებ, თბ., 2005; მენეჯერული ხარჯების ეფექტიანობა ჯანდაცვაში, თბ., 2012.