ლორია პარმენ ონისიმეს ძე [18 (30). VII. 1896, სოფ. ქვაყურე, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 8. III. 1978, ბათუმი], მწერალი. 1932–52 იყო საქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის განყ-ბის პ/მგ მდივანი. პირველი ნაწარმოები „კერპები ქვეყნად“ 1920 გამოაქვეყნა. პოპულარული იყო ლ-ს რომანები „ჩაი“ (1936–38) და „დელი მურადი“ (შემდეგ ეწოდა „განთიადი ხევში“; 1939, 1980, 1986), რ-ებშიც მწერალმა ასახა აჭარაში საბჭ. ყოფის დამკვიდრება. რომანი „მევლუდ“ (1941, 1996) ეხება აჭარელთა ბრძოლას მეფისა და ადგილ. ხოჯა-ბეგების ხელისუფლების წინააღმდეგ. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია ასევე რომანები: „მაღაროებში“ (1954), „შვილები“ (წგ.: 1–2, 1956, 1958), „საიმედო მომავალი“ (1965); მოთხრობების კრებ. „ფრონტზე და ზურგში“ (1943); პიესები: „ნაირა“ (1950, 1992), „დინარა“ (1959), „მეგობრობა“ (1971); იუმორისტული მოთხრობების კრებ. „ბახვაძის დედაბერი“ და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: თხზულებები 2 ტომად, ბათ., ტ. 1–2, 1970–71; ჩემი პატარა ოჯახი, ბათ., 1962.
ლიტ.: მწერალთა ბიოგრაფიები, წგ. 1, თბ., 2013; ქურიძე შ., ლიტერატურული წერილები, ბათ., 1955; ჩავლეიშვილი ა., ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები, ბათ., 1962.
დ. თევზაძე