ლოსაბერიძე ალექსანდრე ანდრიას ძე (4 (17). III. 1903, სოფ. მანდიკორი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 14. III. 1972, თბილისი), ჰიდროტექნიკის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961), ტექ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1966). დაამთავრა სპი (ახლანდ. სტუ; 1930). შრომითი საქმიანობა დაიწყო „ზაჰესის“ მშენებლობაზე (1924-იდან). მისი ტექნიკური ხელმძღვანელობით და მონაწილეობით დამუშავდა 25 ჰესის პროექტი, მათ შორის 20 საქართველოში, 2 რუმინეთში და 3 ბულგარეთში, არის ჰესების ორიგინ. პროექტების ავტორი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ენგურჰესის ოპტიმალური პროექტის დამუშავებაში. წლების განმავლობაში იყო სპი-ის ჰიდროტექნიკის კათედრის გამგე (1955-იდან); „ჰიდროპროექტის“ მთავარი ინჟინერი (1965–72).
ლ-ის სამეცნ. ნაშრომები ეძღვნება ჰიდროტექ. ნაგებობათა გაანგარიშების მეთოდებს, აგრეთვე საქართვ. ძვ. სარწყავი სისტემების არხებისა და წყალსადენების გამოკვლევა-აღდგენას. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ძველი წყალსადენებისა და არხების ნაშთები, კრ.: შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბ., 1938; Кольцевые конструкции гидротехнических сооружений, Тб., 1964.