ლოსაბერიძე ქეთევან ბაგრატის ასული (1. VIII. 1949, სოფ. ლეყერეთი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 23. I. 2020, თბილისი), სპორტსმენი (მშვილდოსნობა). XXII ოლიმპიური თამაშების (1980, მოსკოვი) ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1980), დაამთავრა ქუთაისის პედ. ინ-ტი (1970). სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი (1971); მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1973, 1981); ევროპის ჩემპიონი ინდივიდუალურ (1972) და გუნდურ (1972, 1978, 1980) შეჯიბრებებში; სსრკ ჩემპიონი (1973, 1979) და მესამე პრიზიორი (1971, 1972, 1974, 1975, 1981); სსრკ თასის მფლობელი (1972, 1978); სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979); მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. იყო საქართვ. მშვილდოსნობის ეროვნ. ფედერაციის პრეზიდენტი (2002–05). საქართვ. წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი, 1980). 1999 საქართვ. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ლ. დასახელდა XX ს. საქართველოს საუკუნის სპორტსმენის საუკეთესო ქალ სპორტსმენთა სიაში.
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით (2018).