ლოსევი ალექსეი თეოდორეს ძე (23. IX. 1893, ნოვოჩერკასკი, – 24. V. 1988, მოსკოვი), ფილოსოფოსი, ფილოლოგი, მთარგმნელი. პროფესორი (1919), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1943). 1911 დაამთავრა კლასიკური გიმნაზია. 1915 – მოსკოვის საიმპერატორო უნ-ტის ისტ.-ფილოლოგიის ფაკ-ტი. ლ-ს ურთიერთობა ჰქონდა რუს. ინტელექტუალური აზრის საუკეთესო წამომადგენლებთან – ვ. ივანოვთან, ს. ბულგაკოვთან, ი. ილინთან, ს. ფრანკთან, ე. ტრუბეცკოისთან, პ. ფლორენსკისთან. XX ს. 20-იან წლებში შექმნილ ნაშრომებში ლ. ყოფიერებისა და აზროვნების უნივერსალური მოდელების გააზრებას, მეტაფიზიკური პოზიციების დასაბუთებას, ძირითადად, ქრისტ. მეტაფიზიკის, ნეოპლატონური დიალექტიკის ქრისტ. რეცეფციის, ჰეგელის დიალექტიკური მეთოდისა და ჰუსერლის ფენომენოლოგიის გავლენით ახორციელებდა; განავითარა ე. წ. „ენერგეტიკული სიმბოლიზმის“ კონცეფცია. 1929 მალულად ბერად აღიკვეცა. 1930 ანტიმარქსისტული წიგნისთვის „მითის დიალექტიკა“, ე. წ. მებრძოლი იდეალიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და გულაგში გადაასახლეს, საიდანაც დაინვალიდებული 1933 გაათავისუფლეს. აკრძალული ჰქონდა ფილოს. ტექსტების გამოცემა, მხოლოდ ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ (1953) შექმნა მონუმენტური ფილოს. ნაშრომი: „ანტიკური ესთეტიკის ისტორია“ (8-ტომეული, 1963–88); „აღორძინების ესთეტიკაში“ (1978) სიღრმისეულად და ორიგინალურად არის გააზრებული დას. კულტურისა და ისტ. პროცესის შინაგანი ლოგიკა, რენესანსისა და ჰუმანიზმის ფილოს. საფუძველი ნეოპლატონიზმის, ღმერთისა და სამყაროს ერთიანობის ნეოპლატონური თვალსაზრისის სახით.
ლ. კარგად იცნობდა ქართულ ფილოს. აზროვნებას. იგი შუა საუკუნეების ქართველ მოაზროვნეებს მიიჩნევდა ნეოპლატონურ-არეოპაგიტული რენესანსის დამწყებებად ევროპაში და ხაზგასმით აღნიშნავდა ნეოპლატონიზმის თავისებურებას მათ ნააზრევში („სიტყვა ქართულ ნეოპლატონიზმზე“, 1986); აკად. ნ. კონრადთან ერთად არსებითად იზიარებდა შ. ნუცუბიძის „აღმოსავლური/ქართული რენესანსის თეორიას“. ლ. „ქართული ნეოპლატონიზმის“ ერთ-ერთ თეორეტიკოსადაც გვევლინება.
თხზ.: დუმილი, მთარგმნ. თ. ჩხენკელი, თბ., 1993; აღმოსავლური რენესანსი. ჩინეთი, ირანი, სომხეთი, საქართველო, მთარგმნ. მ. მახარაძე, პ. ჩხეიძე, ბათ., 2005; მითის დიალექტიკა და სხვა ნაწარმოებები, მთარგმნ. ვ. რცხილაძე, თბ., 2017; აღმოსავლური რენესანსი: საქართველო, მთარგმნ. გ. კუჭუხიძე, „სჯანი“, 2020, №21; Эстетика Возрождения, М., 1978; Владимир Соловьёв, М., 1983; История античной философии: в конспективном изложении, М., 1989; Жизнь: повести, рассказы, письма, СПб, 1993.
ლიტ.: მახარაძე მ., რენესანსი, ჰუმანიზმი და XI–XII საუკუნეების საქართველო, თბ., 2003; სირაძე რ., ა. ლოსევი და ქართული რენესანსის პრობლემები, წგ.: ლიტერატურულ-ესთეტიკური ნარკვევები, თბ., 1987; ქართული რენესანსის საკითხები, რედ. შ. ხიდაშელი, თბ., 1988; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988; Алексею Федоровичу Лосеву. К 90-летию со дня рождения Сборник статей, ред. Г. В. Тевзадзе, сост. В. В. Гогуадзе, Тб., 1983.
ლ. ზაქარაძე