ლოსოვი ოტო ჰერმან ფონ (15. I. 1868, ჰოფი, ბავარია, – 25. XI. 1938, მიუნხენი), გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1916). 1918 მაისში საქართვ. დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და მხარდამჭერი გერმანიაში. 1886–88 სწავლობდა მიუნხენის სამხ. აკადემიაში. 1912–13 მონაწილეობდა ბალკანეთის ომში, თურქული ქვეითი დივიზიის მეთაურის რანგში. I მსოფლიო ომის დროს თავდაპირველად იბრძოდა დას. ფრონტზე, 1915-იდან კონსტანტინოპოლში სამხედრო ატაშედ დაინიშნა. 1916 იქვე გახდა გერმანიის სამხ. რწმუნებული. ლ. და სხვა გერმ. სამხ. მაღალჩინოსნები კავკასიას ოსმალეთის გავლენის ზონად მიიჩნევდნენ და I მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხების შემდეგ მისთვის დათმობას აპირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ლ. კარგად გაეცნო ვითარებას, თურქეთის მისწრაფებების შეზღუდვას დაუჭირა მხარი. ლ. აცნობებდა ა. ჩხენკელს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებდა მოლაპარაკებაში შუამავლის როლს, თუ ამიერკავკ. ფედერ. რესპ. დაიშლებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ლ. ღიად გადავიდა კავკასიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიგებში და აქ გერმ. ჯარების გაგზავნას დაუჭირა მხარი. იგი უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას ამიერკავკასიის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელ ა. ჩხენკელთან. ლ-ს მხარდაჭერით მოხდა 1918 წ. 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, რ-ის გამოცხადების შემდეგ სწორედ გერმანია გახდა მისი დამოუკიდებლობის გარანტი. მალევე ლ. გერმანიაში გაიწვიეს. 1924-იდან იგი სრულად ჩამოშორდა საჯარო სამსახურს.
ლიტ.: ბენდიანიშვილი ა., საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918–1921 წწ.), თბ., 2001; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია – ლექსიკონი, თბ., 2018; სილაგაძე ა., გურული ვ., საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1917–1918, თბ., 1998; სურგულაძე ა., სურგულაძე პ., საქართველოს ისტორია, თბ., 1991; ჯანელიძე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბ., 2009.
გ. ასტამაძე